ინტერპოლის მონაცემებში ინფორმაცია თბილისში ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვის შესახებაცაა
ინტერპოლის სიაში თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვიც იძებნება.
საიტის მონაცემებით, ის ჩეჩნეთში, სოფელ მაირტიპში 1984 წლის 7 აპრილს დაიბადა. რუსეთის მიერ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა.
იგივე მონაცემები სოლტახმადოვზე მითითებულია რუსულ საინფორმაციო წყაროებშიც – იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებსაც ბრალი ედებათ ექსტრემისტულ ან ტერორისტულ საქმიანობაში.
სუს-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადგენილია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი – ის რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა – რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.