ინგუშეთში ჩეჩნეთთან საზღვრის ცვლილებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს, ისმის სროლის ხმაც [ვიდეო]
ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ჩეჩნეთთან საზღვრის ცვლილებას 10 ათასამდე ადამიანი აპროტესტებს. ინგუშეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ჩეჩნეთთან დადებული შეთანხმება განიხილეს და მისი რატიფიკაცია მოახდინეს. გადაწყვეტილების მიღებამდე, პარლამენტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
ინგუშეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, დეპუტატების დაცვის მოტივით ჰაერში ისროდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის პრეზიდენტ, იუნუს-ბეკ ევკუროვისა და ჩეჩნეთის პრეზიდნეტის, რამზან კადიროვის ხელმოწერილი დოკუმენტის გაუქმებას ითხოვენ.
არეულობის თავიდან აცილების მიზნით, ინგუშეთის ხელისუფლებამ ქალაქ მაგასში შესასვლელი გზები ბეტონის ფილებით გადაკეტა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ავტომობილები დატოვეს და ინგუშეთის მთავრობის სახლისკენ ფეხით გაემართნენ.
ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის სასაზღვრო შეთანხმება მხოლოდ რეგიონული რეფერენდუმის შემდეგ უნდა მოხდეს.