ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.

ევკუროვს გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში საზოგადოების ერთიანობის შესუსტება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გააკეთოს თავისი არჩევანი. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“, – აღნიშნა ევკუროვმა.

იუნუს-ბეკ ევკუროვი ინგუშეთის სათავეში 2008 წლიდან დგას. 2018 წლის სექტემბერში ის რესპუბლიკის ხელმძღვანელად ხუთწლიანი ვადით ხელახლა აირჩიეს. ამგვარად, მისი უფლებამოსილების ვადა 2023 წელს იწურებოდა.

2018 წლის შემოდგომას ინგუშეთი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ტალღამ მოიცვა, რაც გამოწვეული იყო ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით. საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაშლა არაერთხელ სცადეს. დააკავეს საპროტესტო აქციების რამდენიმე ლიდერი, ინგუშეთის შს მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა.