ინგუშეთში საპორტესტო გამოსვლების ლიდერებს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
ინგუშეთში საპორტესტო გამოსვლების ლიდერებს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ინგუშეთში საპორტესტო გამოსვლების ლიდერებს – ბარახ ჩემურზიევს, აჰმედ ბარახოევსა და მუსა მალსაგოვს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

სამივე დაკავებული ინგუშეთის ნაციონალური ერთიანობის კომიტეტის წევრები არიან. 3 აპრილს მათ საცხოვრებლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ისინი დააკავეს და მიტინგის გამართვის წესების დარღვევისთვის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

საუბარია 26-27 მარტს მაგასში გამართულ აქციაზე ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლების ლიდერები უკვე სხვა ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. მალსაგოვი ეჭვმიტანილია მასობრივი არეულობებისკენ მოწოდებებში და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაში, ჩემურზიევი და ბარახოევი კი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ძალადობის მცდელობაში.

ინგუშეთში საპროტესტო გამოსვლები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევრკუროვმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ხელი მოაწერეს ორ რესპუბლიკას შორის საზღვრის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ტერიტორიების გაცვლას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ინგუშეთის მიმართ აღნიშნული შეთანხმება უსამართლოა.