ვლადიმერ პუტინმა ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელად მაჰმუდ-ალი კალიმატოვი დანიშნა
ვლადიმერ პუტინმა ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელად მაჰმუდ-ალი კალიმატოვი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელად მაჰმუდ-ალი კალიმატოვი დანიშნა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

რუსული მედიის ცნობით, კალიმატოვი 1959 წლის 9 აპრილს არის დაბადებული. ის პროფესიით იურისტია და პროკურორად მუშაობის გამოცდილება აქვს.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე ვლადიმერ პუტინი უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, იუნუს-ბეკ ევკუროვს შეხვდა. რომლმაც თანამდებობის დატოვების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს თავად განუცხადა.

იუნუს-ბეკ ევკუროვმა თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ, სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა. მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში საზოგადოების ერთიანობის შესუსტება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

იუნუს-ბეკ ევკუროვი ინგუშეთის სათავეში 2008 წლიდან იდგა. 2018 წლის სექტემბერში ის რესპუბლიკის ხელმძღვანელად ხუთწლიანი ვადით ხელახლა აირჩიეს. ამგვარად, მისი უფლებამოსილების ვადა 2023 წელს იწურებოდა.

2018 წლის შემოდგომას ინგუშეთი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ტალღამ მოიცვა, რაც გამოწვეული იყო ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით. საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაშლა არაერთხელ სცადეს. დააკავეს საპროტესტო აქციების რამდენიმე ლიდერი, ინგუშეთის შს მინისტრმა კი, თანამდებობა დატოვა.

დატოვე კომენტარი