ინდოეთმა მთვარეზე დაკარგული საკუთარი ხომალდი იპოვა - სიგნალი კვლავ არ არის
ინდოეთმა მთვარეზე დაკარგული საკუთარი ხომალდი იპოვა - სიგნალი კვლავ არ არის

მთვარის გარშემო მოძრავმა ინდურმა ორბიტერმა „ჩანდრაიაან-2-მა“ მთვარის ზედაპირზე ინდოეთის მიერ ორი დღის წინ დაკარგული ხომალდი „ვიკრამი“ შენიშნა. თუმცა, აპარატისგან სიგნალი კვლავ არ მოდის.

ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კეი სივანის განცხადებით, დაკარგული ხომალდის ადგილმდებარეობა „ჩანდრაიაან-2-მა“ მასთან კონტაქტის დამყარების მცდელობისას გაარკვია. Ზონდთან კავშირზე გასვლას ინდოელი მეცნიერები მომდევნო 14 დღის განმავლობაში შეეცდებიან.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ორბიტერმა მთვარის ზედაპირზე მავალის ადგილმდებარეობა გაარკვია, გადაიღო მისი თერმული ფოტოც.

ხომალდ „ვიკრამთან“ კავშირი 6 სექტემბერს გაწყდა, როცა პირველად ქვეყნის ისტორიაში, ინდოეთი მთვარის სამხრეთ პოლუსზე აპარატის ზონდის ცდილობდა. ხომალდთან კონტაქტი მაშინ შეწყდა, როცა ის მთვარის ზედაპირიდან 2 კმ-ის სიმაღლეზე იმყოფებოდა, რაც ზრდის იმის შიშს, რომ ის ზედაპირზე ჩავარდა. „ვიკრამი“ ინდოეთის პირველი ხომალდია, რომელიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე უნდა დამჯდარიყო და მავალი „პრაგიანი“ გადაესვა.

ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია „ჩანდრაიაან-2-ის“ მიერ „ვიკრამისთვის“ მთვარის ზედაპირზე გადაღებულ ფოტოს ჯერ არ აქვეყნებს, არაფერს ამბობს არც მის პოტენციურ მდგომარეობაზე. თუმცა, მიუხედავად წარუმატებლობისა, ინდოელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ხომალდმა უკვე წარმოაჩინა სამომავლო მისიებისთვის საკვანძო ტექნოლოგიები.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ხომალდმა „ვიკრამმა“ ორბიტიდან დაშვება 35 კმ სიმაღლიდან დაიწყო, ჩავიდა ზედაპირიდან 2 კმ სიმაღლემდე. ამ წერტილამდე ბრწყინვალედ მუშაობდა მისი ყველა სისტემა და სენსორი, რამაც დაამტკიცა მრავალი ახალი ტექნოლოგიის მდგრადობა.

მიუხედავად ზონდის კრახისა, ორბიტაზე წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება ხომალდმა „ჩანდრაიაან-2-მა“, რომელიც იქ ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ინდოეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ამ ორბიტერის კამერა ყველაზე მაღალი რეზოლუციისაა ამჟამად მოქმედ მთვარის მისიებს შორის და მის მიერ გადაღებულ ფოტოებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებაში. ნაცვლად დაგეგმილი ერთი წლისა, ხომალდი სავარაუდოდ 7 წლის განმავლობაში შეძლებს ოპერირებას.

ორბიტერი „ჩანდრაიაან-2“ აღჭურვილია რვა სამეცნიერო ინსტრუმენტით, რათა მთვარე მაღლიდან შეისწავლოს. მათ შორის არის — მაღალი რეზოლუციის კამერა, მთვარის ზედაპირის კარტირების კამერა; მზის რენტნეგული სხივების მონიტორი; ინფრაწითელი სპექტრომეტრი; ორმაგი სიხშირის აპერტუტული რადარი მთვარის წყლის ყინულის შესასწავლად; მთვარის თხელი ეგზოსფეროს შემსწავლელი სენსორი; ორმაგი სიხშირის რადიო სამეცნიერო ექსპერიმენტი მთვარის იონსფეროს შესასწავლად.

„ჩანდრაიაან-2 “ ინდოეთის მეორე მისიაა მთვარეზე „ჩანდრაიაან-1-ის“ შემდეგ, რომელიც 2008-2009 წლებში ოპერირებდა. პირველი მისიის ინსტრუმენტებმა აღმოაჩინა წყლის სპექტრული ხელწერა მთვარის დიდ ნაწილში, განსაკუთრებული კონცენტრაციით კი პოლუსებზე, სადაც მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში დიდი ოდენობით გაყინული წყალია.

„ჩანდრაიაან-2-ის“ მიზანია კვლევა განაგრძოს იქიდან, სადაც მისი წინამორბედი მისია გაჩერდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.