ილია დარჩიაშვილი - ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება დეკლარაციული ხასიათისაა და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე
ილია დარჩიაშვილი - ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება დეკლარაციული ხასიათისაა და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჩინეთთან სახელშეკრულებო ბაზა ბოლო წლებში გაფართოვდა. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა იმ სახელშეკრულებო ბაზაზე, რომელთა რატიფიკაციაც პარლამენტმა მოახდინა.

„ბოლო წლებში გაფართოვდა ჩინეთთან სახელშეკრულებო ბაზა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ჩინეთის მხარესთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს, მოგეწოდებოდათ დადგენილი წესით. თქვენ მოახდინეთ ისეთი ხელშეკრულებების რატიფიცირება, როგორიცაა: – „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმება (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N5427-Iს, 29/11/2019);

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N1349-Iს, 02/11/2017);

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N3403-Iს, 05/09/2018).

მინდა, ასევე, შეგახსენოთ „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“ დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მათ შორის, წერია, რომ „გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება“.

რომ შევაჯამოთ, ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება დეკლარაციული ხასიათისაა და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

განცხადების თანახმად, საუბარია თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში, რეგიონული და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე. მიგვაჩნია, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.