ენტონი ბლინკენი - რუსეთი რაკეტებს, ტანკებს იმაზე სწრაფად აწარმოებს, ვიდრე ოდესმე თანამედროვე ისტორიაში, როგორ ახერხებს ამას? მასობრივად იღებს დანადგარებს, ძირითადად, ჩინეთიდან
ენტონი ბლინკენი - რუსეთი რაკეტებს, ტანკებს იმაზე სწრაფად აწარმოებს, ვიდრე ოდესმე თანამედროვე ისტორიაში, როგორ ახერხებს ამას? მასობრივად იღებს დანადგარებს, ძირითადად, ჩინეთიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თავდაცვით ინდუსტრიულ ბაზას, – ამის შესახებ მან საუდის არაბეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან, ბორგე ბრენდესთან დისკუსიის დროს განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან ჩინეთს მოვუწოდებდით, არ მიეწოდებინა რუსეთისთვის იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც შესაძლოა, გაემწვავებინა აგრესია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ჩინეთს რუსეთისთვის იარაღი, რაკეტები, აღჭურვილობა პირდაპირ არ მიუწოდებია. ირანი ამას აკეთებს. ჩრდილოეთ კორეა ამას აკეთებს. თუმცა ჩინეთი ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თავდაცვით ინდუსტრიულ ბაზას, რაც ეხმარება რუსეთს, გაუმკლავდეს მასირებულ შეზღუდვებს, რომლებიც ხორციელდება სანქციების, საექსპორტო კონტროლისა და სხვა ზომების საშუალებით“, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღჭურვილობას, რაკეტებს, ტანკებს და ჯავშანმანქანებს იმაზე სწრაფად აწარმოებს, ვიდრე ოდესმე თანამედროვე ისტორიაში.

„როგორ ახერხებს ამას? ის მასობრივად იღებს დანადგარებს, მიკროელექტრონიკას, ოპტიკას, ძირითადად, ჩინეთიდან. სამანქანო დანადგარების 70%, მიკროელექტრონიკის 90% მოდის ჩინეთიდან. ეს არის ორმაგი დანიშნულების საგნები, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სად მიდის მათი დიდი ნაწილი“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, ეს ორ პრობლემას წარმოადგენს – საშუალებას აძლევს რუსეთს, გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ასევე აძლევს რუსეთს საშუალებას, გააძლიეროს თავდაცვითი ინდუსტრია.