საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საქმეთა მინისტრთან, სავიე ბეტელთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2024 წელს აღინიშნება საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე.
„მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგზე. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნებია და მადლობა გადაუხადა ლუქსემბურგის მხარეს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ამ გზაზე შემდგომი წარმატებისთვის.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლუქსემბურგის კონტრიბუციისათვის.
მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგი. ხაზი გაუსვეს არსებულ დადებით დინამიკას და ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაფართოების პოტენციალს. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში, გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.