იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ნატო-ს აქვს ორი ამოცანა, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა და ომის ესკალაციის თავიდან აცილება
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ნატო-ს აქვს ორი ამოცანა, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა და ომის ესკალაციის თავიდან აცილება

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის ომმა დაამსხვრია მშვიდობა ევროპაში. სტოლტენბერგის თქმით, ეს ნამდვილად გარდამტეხი მომენტია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის, არამედ გლობალური წესრიგისთვის.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო-ს აქვს ორი ფუნდამენტური ამოცანა რუსეთის აგრესიის საპასუხოდ – უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა და ომის ესკალაციის თავიდან აცილება.

„მრავალი წლის განმავლობაში ნატო და ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერდნენ უკრაინას, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო და თურქეთი, მათ შორის აღჭურვილობით უზრუნველყოფით და ათასობით უკრაინელი სამხედროს გადამზადებით. ახლა ჩვენ ვხედავთ იმ განსხვავებას, რაც იქმნება ბრძოლის ველზე. რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა მილიარდობით დოლარით, იარაღით და სხვა სახის დახმარებით, რათა უკრაინამ შეძლოს, გამოიყენოს თავდაცვის უფლება, რომელიც გაწერილია გაერო-ს წესდებაში. ნატო-ს უმთავრესი პასუხისმგებლობა არის მისი ყველა მოკავშირის დაცვა და თავიდან არიდება ამ ომის ესკალაციის, რომელიც უფრო მეტ მსხვერპლს და განადგურებას გამოიწვევს. ჩვენ შოკირებული ვიყავით რუსეთის სასტიკი შეჭრით, მაგრამ არ ვიყავით გაკვირვებული, რადგან ეს ომი წარმოადგენდა სამხედრო აგრესიის ისტორიაში ყველაზე კარგად გამოცნობილ აქტს. ნატო-ში ჩვენ ვაზიარებთ სადაზვერვო ინფორმაციას და ვასაჯაროებდით მას მრავალი თვის განმავლობაში, რათა გაგვეფრთხილებინა პუტინის გეგმების შესახებ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განმარტებით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაშია მომზადებული, რომელშიც მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას, რათა მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს.

„გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა და ახლა უკრაინის ომი. 2014 წელს უკრაინაში პირველი შეჭრის შემდეგ, ნატო მოემზადა თავდაცვაზე ხარჯების გაზრდით და თანამედროვე შესაძლებლობებში ინვესტირებით. ისტორიაში პირველად, ჩვენ გადავისროლეთ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა. როდესაც რუსეთი მიმდინარე წელს ისევ შეიჭრა უკრაინაში, ნატო მზად იყო. ჩვენ გადავისროლეთ დამატებით ძალები ალიანსის აღმოსავლეთით და ამჟამად ჩვენ გვაქვს 40 ათასი ჯარისკაცი უშუალოდ ნატო-ს დაქვემდებარებაში, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით. ჩვენ გავაორმაგეთ მრავალეროვანი საბრძლო ჯგუფები ბალტიიდან შავ ზღვამდე და გვყავს 100 ათასი ჯარისკაცი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ქვეშ, რომლებიც მზად არიან, რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ აგრესიაზე და დაიცვან ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის შეკავება, რათა აღმოიფხვრას ნებისმიერი გაუგებრობა. ეს არ არის კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ არის მის ასარიდებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება არ იქნება ნაკარნახები ძალადობით, დაშინებით და ამის დემონსტრირებაა ფინეთისა და შვედეთის განაცხადი ალიანსში წევრობაზე.

„გასულ დეკემბერს, პრეზიდენტ პუტინმა ნატო-ს წარუდგინა ულტიმატუმი და მოითხოვა იურიდიული ხელშეკრულება, რომ გადაეწერა უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში, თავიდან დაედგინა გავლენის სფეროები, ეიძულებინა ნატო, გამოსულიყო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგიდან და დაესრულებინა ნატო-ს გაფართოება. მას სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან და დაიწყო ომი. ახლა მან მიიღო მეტი ნატო მის საზღვრებთან. ფინეთისა და შვედეთის განაცხადი ალიანსში წევრობაზე, ისტორიულია. ის ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ევროპის უსაფრთხოება არ იქნება ნაკარნახები ძალადობითა და დაშინებით. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატო-ს გაფართოება წარმატებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატო იპოვის გზას, რათა შეეხოს ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხებს და მიიღებს ნატო-ს ახლო მოკავშირეებს ჩვენს ოჯახში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.