როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებ, ძნელია, არ იფიქრო, რომ იქ შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციები არსებობდნენ. გიჩნდება განცდა, რომ შეუძლებელია, ვარსკვლავთა ამხელა ოკეანეში მარტონი ვიყოთ, აქ, დედამიწაზე. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ სამყაროს შესახებ, მით უფრო რეალურად გვესახება არამიწიერი სიცოცხლე. თუმცა, არაერთი კვლევის მიუხედავად, მის რაიმე კვალს ჯერ ვერსად მივაგენით.
არასოდეს გამორიცხოთ, რომ მთელ უკიდეგანო კოსმოსში მართლაც დედამიწა იყოს ის ერთადერთი ადგილი, სადაც სიცოცხლე აღმოცენდა და ახლაც ყვავის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება უბრალოდ გვემალებიან ან ისეთ კომუნიკაციებს იყენებენ, რომელიც ჩვენთვის უხილავია.
თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ მძლავრი და თანაც იაფია რადიოკომუნიკაციები, რომელსაც კაცობრიობა ასე აქტიურად იყენებს. ჩვენი რადიოსიგნალები დედამიწიდან უკვე ათწლეულებია ვრცელდება. ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, მაშ რატომ არ იყენებენ სხვა ცივილიზაციები რადიოსიგნალებს ისე კარგად, როგორც ჩვენ?
მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ძალიან ბევრ რადიოსიგნალს ვასხივებთ, რადიოსინათლის სიმძლავრე მანძილთან ერთად სუსტდება; თანაც, ის ხომ მუდმივად გაფართოებად სივრცეში ვრცელდება. ამას ემატება ისეთი ხელშემშლელი ფაქტორებიც, როგორებიცაა ვარსკვლავთშორისი მტვერი და გაზი, რის გამოც, ჩვენგან წასული რადიოსიგნალების დაჭერა, ჩვენგან რამდენიმე სინათლის წლის რადიუსშიც კი ძალიან ძნელი უნდა იყოს ისეთი რადიომიმღებებით, როგორებიც დღეს აქ გვაქვს.
კაცობრიობამ კოსმოსში ძლიერი რადიოსიგნალები რამდენჯერმე პირდაპირაც გადასცა, მაგალითად, ასეთი სიგნალი ჰერაკლეს ვარსკვლავთგროვისკენ (M13) გაუშვეს 1974 წელს გაუშვეს. მიზანი ერთადერთი იყო — იქნებ იქ არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს, შორეულ მომავალში ეს სიგნალი დაიჭიროს და გაიგოს ჩვენი არსებობის შესახებ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სიგნალის დანიშნულების ადგილი ჩვენგან 22 000 სინათლის წლითაა დაშორებული, იქ მისვლისას ის საშინლად სუსტი იქნება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა და მარტივი სახეობა ვართ. ვინ იცის, იქნებ რომელიმე წარმოუდგენლად მოწინავე სახეობამ ჩვენი სიგნალები უკვე დაიჭირა კიდეც კოსმოსურ მტვერში. თუმცა, შეუძლიათ თუ არა ამის გაკეთება ასობით და ათასობით სინათლის წლის მანძილიდან?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა ახალ პუბლიკაციაში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ასტროფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი, რომელიც არამიწიერ ცივილიზაციათა საკითხზე უკვე მრავალი წელია მუშაობს.
ოსმანოვი კარდაშევის სკალას მიმართავს, რომელიც პირველად 1964 წელს წარმოადგინეს. სკალა ცივილიზაციებს ენერგორესურსების მოპოვების უნარის თვალსაზრისით, სამ ტიპად ახარისხებს. I ტიპის ცივილიზაციას პლანეტური მასშტაბის ენერგიაზე მიუწვდება ხელი, II ტიპისას ვარსკვლავური სისტემის, III ტიპის ცივილიზაციას კი გალაქტიკური მასშტაბით. კარლ სეიგანის და სხვა მეცნიერთა გათვლებით, კაცობრიობას ჯერ I ტიპის ცივილიზციამდეც არ მიუღწევია და 0,73 ნიშნულზე იმყოფება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზაზა ოსმანოვმა ცადა ეპოვა პასუხი კითხვაზე, კარდაშევის სკალის რომელ ტიპს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივილიზაცია, რომ დედამიწაზე ადამიანის ცივილიზაციის ნიშნები დააფიქსიროს და რა მანძილიდან უნდა შეეძლოთ მათ ეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენგან გასული ხელოვნური რადიოსიგნალები კოსმოსში ჯერ მხოლოდ დაახლოებით 100 სინათლის წლის რადიუსზეა გასული, მოწინავე არამიწიერ ცივილიზაციებს, თუ ისინი ახლოს იმყოფებიან, უკეთესი შანსი უნდა ჰქონდეთ, რომ დედამიწაზე ხელოვნური წარმონაქმნების ამოცნობა სცადონ. თუნდაც ქალაქების ან ნაგებობათა მასშტაბის ობიექტების. მაგალითის სახით, ზაზა ოსმანოვი განიხილავს გიზის პირამიდებს ეგვიპტეში. ისინი უკვე ათასობით წლისაა და თანაც, მათ შორის უდიდესი, ხეოფსის პირამიდა სიმაღლეში დაახლოებით 230 მეტრია.
თუ გავითვალისწინებთ სინათლის იმ ოდენობას, რომელიც დედამიწამდე აღწევს, პირამიდების დანახვა რამდენიმე ათასი სინათლის წლის მანძილიდან შეუძლებელი იქნება, რაც არ უნდა მძლავრი ტელესკოპით აკვირდებოდნენ. ამ მანძილზე იმდენი ფოტონი ვერ მიაღწევს, რომ რაიმე გაარჩიო. ხილული სინათლის საშუალო დიაპაზონის და 10-მეტრიანი გარჩევადობის გათვალისწინებით, მაქსიმალური მანძილი 3000 სინათლის წელიწადი გამოდის.
დეტალებში უფრო ღრმად გასარკვევად, საქართველოს პირველი არხი კვლევის ავტორს, ზაზა ოსმანოვს დაუკავშირდა.
„არც ძალიან ოპტიმისტური და არც ძალიან პესიმისტური გათვლებით, თუ ცივილიზაციას სუპერდანადგარები და სუპერტელესკოპები აქვს, საკმაოდ კარგი გარჩევადობით, საკმაოდ შორიდან უნდა ხედავდეს ნაგებობებს, რომლებიც აშენებულია 3000 წლის წინანდელი პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე. ამის შემდეგი პერიოდი რომ დაინახონ, ჩვენთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ, ახლოს რომ იყვნენ კი მათი რაოდენობა უფრო მეტი უნდა იყოს; ასე რომ, თუ გვხედავენ, ისინი ხედავენ ყველაზე აქეთ შუა საუკუნეების ნაგებობებს. ამის დანახვას ისინი მაღალი გარჩევადობის ოპტიკური და ინფრაწითელი ტელესკოპებით შეძლებდნენ და ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენ აქ ვარსებობთ“, — აცხადებს ოსმანოვი ჩვენთან საუბრისას.
ამ მანძილიდან პირამიდის ზომის ობიექტის დასანახად საჭიროა ოპტიკურ ტელესკოპთა სისტემა, რომლებიც ერთმანეთისგან 10 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. ანუ უფრო დიდი, ვიდრე სატურნის ორბიტაა მზის გარშემო. ასტრონომიული ერთეული ეწოდება საშუალო მანძილს მზესა და დედამიწას შორის. რა თქმა უნდა, ამ ზომის ტელესკოპთა სისტემა ჩვენს ამჟამინდელ და ნებისმიერ სხვა პლანეტური მასშტაბის ცივილიზაციის შესაძლებლობებს ძლიერ აღემატება. ასეთი ტელესკოპთა სისტემა რომ გქონდეს, სულ მცირე, საკუთარი ვარსკვლავური სისტემის ბატონ-პატრონი უნდა იყო, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული უნდა გქონდეს ათვისებული.
შესაბამისად, ასეთი რამ II ტიპის ცივილიზაციას უნდა შეეძლოს, რომელიც ჩვენგან 3000 სინათლის წლის რადიუსში შეიძლება იყოს; ასეთი ტელესკოპით ისინი ჩვენს დიდებულ არქიტექტურულ ძეგლებსაც დაინახავდნენ. სწორედ ასეთმა ცივილიზაციებმა შეიძლება იციან ჩვენი არსებობის შესახებ, მაგრამ უბრალოდ, თავს გვარიდებენ. კაცობრიობას კიდევ ათასობით წელიწადი დასჭირდება, ვიდრე კარდაშევის სკალის II დონეზე გადაინაცვლებს და მათ დანახვას ჩვენც შევძლებთ, თუ რა თქმა უნდა, არსებობენ.
„ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ დიდი ალბათობით, პირველები ისინი აღმოგვაჩენენ ან უკვე აღმოგვაჩინეს კიდეც. ამ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება იყვნენ ჩუმად? ეს მეცნიერებასთან დიდად კავშირში ვერ იქნება, რადგან იმდენად ბევრი ფაქტორია, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ გვსურს თუ არა, გადავდივართ ფანტასტიკაში. დღეს ფერმის პარადოქსის უამრავი ახსნა, ვარიანტი არსებობს, თითქმის ასამდე. ერთ-ერთის მიხედვით, ისინი გვიფრთხილდებიან, როგორც ძალიან დაბალგანვითარებულებს და ე. წ. ნაკრძალის ჰიპოთეზის გათვალისწინებით არ შემოდიან ჩვენთან კონტაქტში“, — ამბობს ზაზა ოსმანოვი.
თუმცა, მას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ასეთი მოწინავე ცივილიზაცია ჩვენთან ისე ახლოს იყოს, რომ ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური, ამჟამინდელი ცივილიზაციის დაფიქსირება მოეხერხებინა.
„მათ რომ დღევანდელი ჩვენი ტქნოლოგიები დაინახონ, თუნდაც თანამგზავრები, ეს პირდაპირი ნიშანი იქნებოდა იმისა, რომ მათ ჩვენ, ტექნოლოგიური ცივილიზაცია აღმოგვაჩინეს. მაგრამ სამწუხაროდ, II ტიპის ცივილიზაცია ისე ახლოს არ უნდა იყოს ჩვენთან, რომ ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიური ცივილიზაცია აღმოაჩინოს, რადგან აქედან წასული სიგნალი ჯერ ისე შორს არ არის გასული, ისინი კი სავარაუდოდ ამაზე გაცილებით შორ მანძილზე არიან ჩვენგან“, — განმარტავს ოსმანოვი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ასტროფიზიკოსი საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ არამიწიერ ცივილიზაციას თუ არა, უახლოეს ათწლეულში არამიწიერ სიცოცხლეს მაინც მივაგნებთ, თანაც აქვე, მზის სისტემაში.
„დიდად სავარაუდოა, რომ უახლოეს ათწლეულში რაღაცას აღმოვაჩენთ. ეს არ იქნება გონიერი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სიცოცხლე ჩვენსავე მზის სისტემაში, იუპიტერის მთვარე ევროპაზე ან სატურნის მთვარე ენცელადზე. რაც შეეხება გონიერ სიცოცხლეს, პირველები ალბათ ისინი აღმოგვაჩენენ, რადგან უფრო მეტია ალბათობა, რომ ისინი ჩვენზე გაცილებით განვითარებულები იყვნენ“, — განუცხადა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა საქართველოს პირველ არხს.