იან ლიპავსკი - საჭიროა, გვქონდეს ევროპული პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 
იან ლიპავსკი - საჭიროა, გვქონდეს ევროპული პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 

მოხარული ვარ, რომ დღეს ვმართავთ დისკუსიას. საჭიროა, გვქონდეს ევროპული პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯგუფი პოლიტიკურად ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის ევროკავშირთან სიახლოვის კუთხით.

„ახლახან დავესწარი სამუშაო საუზმეს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხზე მომუშავე ჯგუფთან. ეს იყო შიდა დისკუსია, რომელშიც ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობდნენ. ახლა უფრო ფართო დისკუსია გვექნება, რომელშიც ჩაერთვებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრები. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პოლიტიკა ჩეხეთისთვის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნისთვის. მოხარული ვარ, რომ დღეს ვმართავთ დისკუსიას. საჭიროა, გვქონდეს ევროპული პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ჯგუფი პოლიტიკურად ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის ევროკავშირთან სიახლოვის კუთხით. ჩვენ ძალიან მრავალფეროვან პოლიტიკას ვწევთ წინ, განსაკუთრებით, მედეგობის კუთხით, რაც იყო ჩეხეთის ამოცანა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის რანგში“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

იან ლიპავსკიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან პრაქტიკული თანამშრომლობის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ცხადია, ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული თანამშრომლობა. დღეს ძალიან ბევრჯერ აღინიშნა დაკავშირების საკითხი, ენერგეტიკული პროექტები და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ეს უნდა შევავსოთ პრაქტიკული სამუშაოთი, მაგრამ ეს მხოლოდ პრაქტიკული სამუშაო არ არის, ასევე არის პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის. იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ინტერესს, ერთ დღეს გახდნენ ევროკავშირის წევრები, ევროკავშირი ითვალისწინებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, გაფართოება ძალიან რთული პროცესია“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ.

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.