ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოტჩი“ (Human Rights Watch) საქართველოს შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობების საკითხზე კვლევას „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ აქვეყნებს.
„საქართველოს შახტებსა და მაღაროებში მშრომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო. არასაკმარისი რეგულირების შედეგია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების არსებული პრაქტიკა, რომელიც პრიორიტეტს წარმოების მასშტაბებს ანიჭებს და მშრომელთა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, – განაცხადა „ჰუმან რაითს უოჩიმა“ დღეს გამოცემულ ანგარიშში.
60-გვერდიანი ანგარიში „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“, დეტალურად აღწერს, თუ შრომითი უფლებების არასაკმარისმა დაცვამ და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულმა ზედამხედველობამ როგორ გახადა შესაძლებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ისეთი პრაქტიკის აყვავება, რომელიც ხელყოფს მშრომელთა უსაფრთხოებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას, ღამის საათებში მუშაობას და არ უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შრომის პირობების სრულ ინსპექტირებას.
„ათასობით მშრომელი კვლავაც იქნება მომეტებული საფრთხის წინაშე, ვიდრე საქართველო არ დაარეგულირებს სამუშაო საათებს და არ შექმნის ინსპექტირების ისეთ სისტემას, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის სამუშაო პირობების ზემოქმედებას უსაფრთხოებაზე,“ – განაცხადა კორინა აჟდერმა, Human Rights Watch-ის ფინბერგის სტიპენდიანტმა.
„მუშების დაცვა, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია,“- აღნიშნა მან.
მანგანუმი, მინერალი, რომელიც ფოლადის წარმოებაში გამოიყენება, საქართველოს ექსპორტის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მანგანუმის უმსხვილესი მწარმოებელი, „ჯორჯიან მანგანეზი“, 11 მაღაროს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს, სადაც დაახლოებით 3500 ადამიანია დასაქმებული. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულმა ადამიანებმა „ჰუმან რაითს უოჩის“ განუცხადეს, ზოგიერთი მათგანი 12-საათიან ცვლებში მუშაობს მიწის ქვეშ, მათ შორის ღამის ცვლაშიც, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, რაც ხშირად იწვევს უკიდურეს გადაღლას და საწარმოო მიზნების შეუსრულებლობის გამო მათ ხელფასიც შეიძლება დაუქვითონ.
მაღაროელების თქმით, საწარმოო კვოტების შესასრულებლად გამალებული შრომის და არასაკმარისი დასვენების პირობებში ხშირია ტრავმები. მაგალითად, ზოგიერთმა მუშამ მიიღო ღრმა ჭრილობები, ზოგი ჭერის ჩამოშლისას მოყვა ქანების ქვეშ, დაკარგა კიდურები, მიიღო ტვინის შერყევა, ან ძლივს გადაურჩა სერიოზულ უბედურ შემთხვევებს.
15-დღიანი სამუშაო ცვლების დროს მაღაროელებს კომპანიის საერთო საცხოვრებელში ყოფნა მოეთხოვებათ, რაც ნაწილობრივ წარმოების მაქსიმიზაციით აიხსნება. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, არსებული შეთანხმება უზრუველყოფს მაღაროელების სათანადო დასვენებას გაზრდილი უსაფრთხოების საცხოვრებელ პირობებში. მაგრამ ეს მოთხოვნა უხეში ჩარევაა, როგორც მათი გადაადგილების თავისუფლებაში, აგრეთვე, მათ პირად ცხოვრებაში.
„მუშაობის მეცხრე ან მეათე ღამით ყველა უაღრესად დაქანცულია და ბევრს უბრალოდ ადგილზე ეძინება,“ – აცხადებს მერაბი, ერთ-ერთი მაღაროელი. ის იხსენებს შემთხვევას, როცა მიწისქვეშ ზედიზედ გატარებულ მე-14 ღამეს დაშავდა. „ერთ-ერთი მუშა ჩემს გვერდით იჯდა, ჩაეძინა და შემთხვევით ჩართო სამუშაო იარაღი. ისე დავიჭერი, რომ ნეკნები მიჩანდა.“
შპს „საქნახშირის“ მეშახტეები ასევე აღწერენ ისეთ სამუშაო პირობებს, რომლებიც ზრდის უსაფრთხოებასთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებულ რისკებს. მეშახტეების თქმით, ანაზღაურების ისეთი სისტემა, რომელიც მოპოვებული ქვანახშირის რაოდენობას ეფუძნება, ისეთ საწარმოო მიზნებს აწესებდა, რომელთა უსაფრთხოდ მიღწევა შეუძლებელი იყო, ხოლო თანამშრომლებს უბიძგებდა უგულებელეყოთ შრომის უსაფრთხოების ის ზომები, რომელთა დაცვა დიდ დროს მოითხოვდა.
Human Rights Watch-მა შეისწავლა დასაქმების სხვა პრაქტიკაც, რომელიც არღვევს შრომის უფლებებს. ეს არის მუშაობის ხანგრძლივი საათები, არასათანადო შესვენება და ყოველკვირეული დასვენების არარსებობა, აგრეთვე ზეგანაკვეთურად მუშაობის არასათანადოდ ანაზღაურება, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა და ხელფასების უსამართლოდ დაქვითვა.
Human Rights Watch-ის დასკვნით, საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულაციამ დასაქმებულები ადეკვატური დაცვის გარეშე დატოვა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველომ 2006 წელს გააუქმა შრომის ინსპექცია და მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა უფლებები შრომის კოდექსში. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით გაიზარდა, განსაკუთრებით სამთო-მომპოვებელ მრეწველობასა და მშენებლობებზე დასაქმებულთა შორის. 2013 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, საქართველომ ეტაპობრივად გააუმჯობესა შრომის უფლებების დაცვა, მათ შორის 2015 წელს შრომის ინსპექციის ხელახლა შექმნის გზით, თუმცა ის შეზღუდული მანდატით აღჭურვა.
2018 წელს საქართველო შეძრა დასავლეთ საქართველოს, ტყიბულის შახტებში რამდენიმე თვის ინტერვალით მომხდარმა ორმა უბედურმა შემთხვევამ, რასაც ჯამში 10 მეშახტე ემსხვერპლა. 2019 წლის თებერვალში პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და გაზარდა შრომის ინსპექციის უფლებამოსილება სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შემოწმებასთან დაკავშირებით. ამ ცვლილებების გათვალისწინებითაც კი, რომლებიც სექტემბერში შედის ძალაში, ინსპექციის მანდატი მაინც არასაკმარისად ფართოა. მაგალითად, მას არ შეუძლია შეისწავლოს ხანგრძლივი სამუშაო საათების, საწარმოო კვოტების და სხვა რთული სამუშაო პირობების გავლენა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
სამთო-მომპოვებელი წარმოების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში და ამ დარგში დასაქმების შესაძლებლობები არ ამართლებს შრომითი უფლებების სერიოზულ დარღვევებს ამ დარგში, – განაცხადა Human Rights Watch-მა.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე საპასუხოდ „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა: „ჩვენი დასაქმებულების ადამიანის და სოციალურ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.“ კომპანიამ აღიარა: „ჩვენს საქმიანობაში შეიძლება გარკვეული ხარვეზები გვქონდეს“, და თქვა, რომ „მზად არის აღმოფხვრას ეს ხარვეზები“. შპს „საქნახშირის“ განცხადებით, 2017 წელს მან ჩამოაყალიბა სპეციალური უსაფრთხოების დეპარტამენტი და რომ „შრომის უსაფრთხოება კომპანიისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო“.
Human Rights Watch-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ისეთი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ზეგანაკვეთური მუშაობის არასათანადო რეგულირება და ანაზღაურება, სავალდებულო დასვენების დღეები, უქმეებზე მუშაობა და მინიმალური ხელფასები. ასევე მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად. მაგრამ შესაბამისი კანონპროექტი ჯერ არ შესულა პარლამენტში და არ არსებობს ამ მეტად საჭირო რეფორმის განხორციელების მკაფიო განრიგი.
საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებებით იკისრა ვალდებულება, დახვეწოს შრომითი კანონმდებლობა და გააძლიეროს შრომით უფლებებზე ზედამხედველობისა და აღსრულების მექანიზმები. საქართველო აშშ-ში ექსპორტზე, მათ შორის მანგანუმის ექსპორტზე, პრეფერენციული ტარიფებით სარგებლობს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი იცავს და აღასრულებს საერთაშორისოდ აღიარებულ შრომით უფლებებს. ამით უშუალო სარგებელს ღებულობენ მანგანუმის მომპოვებლები, მათ შორის ის კომპანიები, ვისთანაც „ჰუმან რაითს უოჩის მიერ გამოკითხული მეშახტეები და მაღაროელები არიან დასაქმებულნი.
ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, თავისი შრომის კანონმდებლობა მოიყვანოს ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში და გადადგას ნაბიჯები, რათა 2020 წლამდე დაარსოს სრულფასოვანი შრომის ინსპექცია.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, გონივრული შეზღუდვა არსებობდეს სამუშაო საათებზე, მიიღოს შრომის სამართლიანი ანაზღაურება, სარგებლობდეს გადაადგილების თავისუფლებით და დაცული იყოს ოჯახური და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები, რომელთაგან საქართველოს ბევრის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია, აყალიბებს მისაღები სამუშაო პირობების, ასევე მათზე სათანადო ზედამხედველობისა და მათი რეალიზების სტანდარტებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გაკრიტიკებული აქვთ საქართველოს შრომის ინსპექტირების სისტემა. აპრილში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მარეგულირებელი სისტემა ჯერ კიდევ არაადეკვატურია, ვინაიდან ის „არ მოიცავს შრომითი უფლებების მთელ ასპექტებს“.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს შრომის კანონმდებლობას, რათა დააწესოს ლიმიტი სამუშაო საათებზე და აღმოფხვრას სხვა საწარმოო წნეხი, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სრულმასშტაბიანი დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება სათანადო პერსონალით დაკომპლექტებული და ექნება ფართო მანდატი საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად შეამოწმოს ყველანაირი სამუშაო პირობები.
სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიებმა საქართველოში უნდა დაიცვან დასაქმებულთა უფლებები და იზრუნონ მათი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და იმუშაონ დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად, რათა განახორციელონ რეფორმები უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უნდა მოითხოვონ შრომითი უფლებების სრული დაცვა.
„საქართველოს ეტაპობრივი მიდგომა რეგულირების ხელახლა შემოღებისადმი უგულებელყოფს იმ ყოველდღიურ რისკებს, რომლებიც მეშახტეებსა და მაღაროელებს ემუქრება, მათი უფლებების ადეკვატურად დაცვის გარეშე“, – განაცხადა კორინა აჟდერმა. „ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად.“