ჰიუსტონ „როკეტსმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა დაკარგა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს დილით მორიგი მატჩები გაიმართა. ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი დათმო ჰიუსტონ „როკეტსმა“. მაიკ დ’ანტონის გუნდმა „ტოიოტა ცენტრში“ ლოს ანჯელეს „კლიპერსთან, ანგარიშით 118-128 წააგო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ტექსასურ კლუბს, როდესაც კრის პოლი მოედანზეა, თამაში არ აქვს წაგებული, ხოლო მის არ ყოფნაში, ჰიუსტონელები ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ. გუნდის უკანახაზელს კვლავ მუხლის ტრავმა აწუხებს. ჯეიმს ჰარდენმა, წინა მატჩის მსგავსად, დღესაც 51 ქულა მიითვალა აქტივში, თუმცა მისმა ბრწყინვალე თამაშმა, „როკეტსს“ ვერ უშველა.
სტუმართა შორის, ოსტინ რივერსი და ლუ უილიამსი გამოირჩნენ, შესაბამისად, 36 და 32 ქულით. „კლიპერსმა“ განსაკუთრებით მაღალ დონეზე მეორე ტაიმი ჩაატარა, რომელშიც 13-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და აქეთ მოიგო მატჩი 10 ქულის სხვაობით.
ჰიუსტონელებმა, ამ წაგების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა დაკარგეს. პირველ ადგილზე გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ გადავიდა. მოქმედმა ჩემპიონმა დღეს საკუთარ „ორეკლ არენაზე“ ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 113-106 დაამარცხა. მასპინძლებმა კვლავ სტეფ კარისა და ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშეს. ლიდერობა საკუთარ თავზე ისევ კევინ დურანტმა აიღო, რომელმაც 33 ქულა შვიდი მოხსნა და შვიდი პასი გააკეთა.