ოფიციალურად - ჯეიმს ჰარდენი „ბრუკლინის“ კალათბურთელია
ოფიციალურად - ჯეიმს ჰარდენი „ბრუკლინის“ კალათბურთელია

ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჯეიმს ჰარდენსჰიუსტონიდან“ წასვლა სურდა, რასაც კალათბურთელი სეზონის დაწყებამდეც და მერეც ითხოვდა. გარდა ამისა, „როკეტსის“ მოთამაშეებიც უკმაყოფილოები იყვნენ ჯეიმს ჰარდენის გუნდში თამაშით, შესაბამისად, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა – ჰარდენი „ბრუკლინ ნეთსის“ კალათბურთელია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ESPN-ის ჟურნალისტმა დაადასტურა.

ჯეიმს ჰარდენის სანაცვლოდ „ჰიუსტონმა“ რამდენიმე კალათბურთელი მიიღო, მათ შორის კარის ლევერტი, რომელიც შემდგომ ვიქტორ ოლადიპოში გაიცვალა. „როკეტსმა“ ამ გარიგებით პირველ რაუნდში 4 არჩევანის, და „ბრუკლინთან“ პიკის გაცვლის 4 უფლება მოიპოვა.

„ჰიუსტონს“, რომელიც ჰარდენთან ერთად უდიდეს ძალას წარმოადგენდა და ამ სეზონშიც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. რა თქმა უნდა, ჯონ უოლი და დემარკუს კაზენსი დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეებად მიიჩნევიან თავიანთ პოზიციებზე, მაგრამ ჯეიმსის წასვლა გუნდს მთლიანად შეცვლის. ერთი სიტყვით, სტეფენ სილასს და მის სამწვრთნელო შტაბს ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს, რომ გუნდს უჰარდენობა არ დაეტყოს, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელიც გახლავთ, რადგან „როკეტსში“ უკვე ძალიან დიდი ხანია ყველაფერი ჰარდენიდან იწყება და ჰარდენით მთავრდება. მიუხედავად მისი ხასიათისა, რის გამოც არაერთხელ მოექცა ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში, გუნდის მენეჯმენტი ყოველთვის გამოხატავდა მის მიმართ უდიდეს ნდობას.

„ჰიუსტონის“ ერთ-ერთი ყოფილი დამხმარე ასისტენტის განცხადებით, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჰარდენი თამაშების წინ წვეულებებზეც კი დადიოდა, მაგრამ ის ყოველთვის ბრუნდებოდა და მატჩებს ფენომენალურ დონეზე ატარებდა, შესაბამისად, ამ ფაქტს დიდად ყურადღებას არავინ აქცევდა. მეორე მხრივ, ჰარდენის უკან, შესაძლოა, ბევრად უფრო დიდი პოტენციალი იმალება, მაგრამ ის რასაც ჯეიმსი თამაშისას აკეთებდა „ჰიუსტონის“ მენეჯმენტისთვის ყოველთვის საკმარისი იყო.

ჯეიმს ჰარდენიროკეტსთან“ ერთად არასდროს ყოფილა სუპერფინალში. ყველაზე ახლოს ამასთან 2018 წელს იყო, როცა „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ 3:2 უგებდა და სულ რაღაც ერთი გამარჯვება სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ კრის პოლის მეხუთე თამაშში მიღებულმა ტრავმამ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა და საბოლოო ჯამში, ფინალში სტივ კერის გუნდი გავიდა.

რას შეცვლის ჰარდენის „ბრუკლინში“ გადასვლა? თამამად შეიძლება ითქვას, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს სეზონი, „ბრუკლინს“ NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ეყოლება. კევინ დურანტი, კაირი ირვინგი და ჯეიმს ჰარდენი. სამი კალათბურთელი, რომელთაგანაც ნებისმიერს შეუძლია თამაშის გადაწყვეტა.  მნიშვნელოვანია როგორ დაალაგებს გუნდს „ნეთსის“ მთავარი მწვრთნელი სტივ ნეში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნეშის გუნდში მოყვანის შემდგომ მის ასისტენტად მაიკ დეანტონი დაინიშნა, რომელიც „ჰიუსტონის“ ყოფილი მწვრთნელია და ჰარდენის ხასიათებთან გამკვლავების დიდი გამოცდილება აქვს.

„ბრუკლინმა“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდგომ გარკვეული პრობლემები გაუჩნდა. ამ ეტაპზე ეს პრობლემა კაირი ირვინგია, რომელიც „პირადი მიზეზების“ გამო უკვე რამდენიმე თამაშია ვერ ეხმარება თავის გუნდს.

ერთი სიტყვით, ჰარდენიბრუკლინშია“ და აღმოსავლეთ კონფერენციას ახალი მთავარი ფავორიტი ჰყავს.