ბითაძე „ჰიუსტონში“ - ამერიკული გამოცემა „როკეტსს“ საინტერესო გაცვლას სთავაზობს #1TVSPORT
ბითაძე „ჰიუსტონში“ - ამერიკული გამოცემა „როკეტსს“ საინტერესო გაცვლას სთავაზობს #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი მიმდინარეობს, სადაც ამ ეტაპზე 16 გუნდი იღებს მონაწილეობას. დანარჩენი 14-სთვის კი სეზონი ნაადრევად დასრულდა და შემდეგი წლისთვის ემზადებიან.

ცნობილი ამერიკული გამოცემა Bleacherreport საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც პლეი ოფის მიღმა დარჩენილ გუნდებს მათთვის მომგებიან გაცვლებს ურჩევს. ამ გაცვლებში კი „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ახალგაზრდა ცენტრი, გოგა ბითაძეც ფიგურირებს.

გამოცემა „ჰიუსტონს“ ერიკ გორდონის გოგა ბითაძესა და ჯერემი ლემბში გაცვლას სთავაზობს.

„გუნდის შენების პროცესში, „როკეტსმა“ ერიკ გორდონის კონტრაქტის შეწყვეტა უნდა განიხილოს. 32 წლის კალათბურთელი შემდეგ სეზონში 18.2 მილიონ დოლარს მიიღებს, 2022-23 წელს კი 19.6 მილიონს.

ჯერემი ლემბს კონტრაქტი ეწურება და თანაც, გორდონზე სამი წლით უმცროსია. ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ის ამ სეზონში საშუალოდ 10.1 ქულას აგროვებს და პერიმეტრიდან 40.6-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის. 21 წლის ბითაძეს, რომელიც დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩიეს, შეუძლია კარგად შეუწყვილდეს 25 წლის კრისტიან ვუდს.“

ბითაძე 2020-21 წლების სეზონში საშუალოდ 12.5 წუთში 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას, 0.8 პასსა და 1.2 დაფარებას აგროვებდა.