„ჰიუსტონ როკეტსი“ ჰარდენს დააფასებს
„ჰიუსტონ როკეტსი“ ჰარდენს დააფასებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ მფლობელმა ტილმან ფერტიტმა განაცხადა, რომ კლუბი ხმარებიდან ამოიღებს მე-13 ნომერს, რომლითაც ჰიუსტონელთა ყოფილი მცველი ჯეიმს ჰარდენი თამაშობდა. ამ ინფორმაციას გაზეთი Houston Chronicle ავრცელებს.

ჰარდენი „როკეტსში” 2012-21 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ის „ბრუკლინში” გაცვლის შედეგად გადავიდა.

„ჰარდენი ყოველთვის იყო „ჰიუსტონის” ნაწილი, – თქვა ფერტიტმა. – მან დაუვიწყარი გახადა ჩემთვის კლუბის მფლობელის რანგში პირველი სამი წელი. რა თქმა უნდა, ჩვენ მის ნომერს ამოვიღებთ ხმარებიდან”.

ჰარდენი 31 წლისაა. 2009 წელს, ის „ოკლაჰომამ” დრაფტის მესამე ნომრად აირჩია. მცველი 2017-18 წლებში სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს, რვაჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავის მატჩში”, ექვსჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში. აშშ-ის ნაკრებთან ერთად, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადა მოიგო და 2014 წელს – მსოფლიოს ჩემპიონატი.