ჰასან რუჰანი ჯავად ზარიფის აუდიოჩანაწერის გავრცელებას ატომურ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების საბოტაჟის მცდელობად მიიჩნევს
ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის აუდიოჩანაწერის გავრცელებას ვენაში ატომური შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებების საბოტაჟის მცდელობად მიიჩნევს. ინფორმაციას სააგენტო „ირნა“ ავრცელებს.
ირანის პრეზიდენტმა დაზვერვის სამსახურს აუდიოჩანაწერის გაჟონვის უკან მდგომი პირების დადგენა დაავალა, რომელთა მიზანი, რუჰანის აზრით, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაა.
ატომური შეთანხმების (JCPOA) შესახებ მოლაპარაკებები, რომლებზეც შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნება იქნება განხილული, ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარეობს და მასში ირანის, ჩინეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
რუჰანის განცხადებით, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა „სიონისტების“ მიერ იყო დაგეგმილი, რომლებიც ირანის გამოჩენილი ფიგურის მკვლელობით ქვეყნის იზოლაციას ისახავდნენ მიზნად. მისი თქმით, ირანის მტრები ვერ მიაღწევენ საკუთარ მიზანს, რაც ირანის საზოგადოების ორად გაყოფას გულისხმობს.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ჯავად ზარიფის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი „ყუდსის ძალების“ მეთაურზე, ყასემ სოლეიმანზე საუბრობს და ირანის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს.