ჰაბლზე ხარვეზი აღმოფხვრილია - ტელესკოპი ჩვეულ საქმიანობას მალე გააგრძელებს
NASA-ს სახელგანთქმული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი სულ მალე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მწყობრიდან გამოვიდა ტელესკოპის საორიენტაციო ხელსაწყო — გიროსკოპი, რის გამოც, მეცნიერები იძულებული გახდნენ, ხომალდი უსაფრთხო რეჟიმში გადაეყვანათ.
პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოიშალა სამიდან ერთ-ერთი მოქმედი გიროსკოპი — აღჭურვილობა, რომელიც ტელესკოპს სასურველ ორიენტაციას აძლევს.
1990 წელს გაშვებულ ტელესკოპს ბოლო წლებში ექვსი გიროსკოპიღა ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მწყობრიდან გამოვიდა ორი სხვა გიროსკოპიც.
5 ოქტომბერს, დედამიწაზე არსებული მართვის ცენტრიდან, ინჟინრებმა ჰაბლი უსაფრთხო რეჟიმზე გადაიყვანეს და შეწყვიტეს მისი ყველანაირი სამეცნიერო საქმიანობა, რათა ხარვეზის აღმოფხვრა ეცადათ.
NASA-ს ცნობით, გიროსკოპის დისტანციური შეკეთების მცდელობა წარმატებით დასრულდა. კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, შემდეგ ეტაპზე ხელსაწყოს რამდენიმე ტესტი ჩაუტარდება, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ჰაბლს კვლავ შეუძლია ნორმალური სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება, მათ შორის, სამიზნისკენ შებრუნება, მასზე დაკვირვება და უზუსტესი დამიზნება.
ამ შემოწმებების დასრულების შემდეგ, ჰაბლი ჩვეულ სამეცნიერო ოპერაციებს გააგრძელებს.
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ასტრონომიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მის აღმოჩენებს შორის არის მრავალი ახალი პლანეტა, სამყაროს ბნელი მატერიის 3D რუკის შექმნა, შავ ხვრელთა მრავალი საიდუმლოს ნაწილობრივ ამოხსნა და ა. შ.
NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთობლივი პროექტი თავდაპირველად 15 წელზე იყო გათვლილი, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე მყოფი ჰაბლი უკვე 28 წელია, შეუჩერებლად მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმში იმყოფებოდა, NASA აცხადებს, რომ ჰაბლი უახლოეს წლებში კვლავ გააგრძელებს თავის ბრწყინვალე სამეცნიერო საქმიანობას.
ჰაბლის მემკვიდრე, 8$ მილიარდად ღირებული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი 2021 წელს გაეშვება.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.