მექანიკური ხარვეზის გამო, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ძირითადი კამერა გაითიშა.
NASA-ს განცხადებით, კამერამ მუშაობა 8 იანვარს შეწყვიტა. თუმცა, სრულ მწყობრშია ჰაბლის სამი სხვა სამეცნიერო ინსტრუმენტი და შესაბამისად, ტელესკოპი დაკვირვებებს აგრძელებს.
ჰაბლის ფართო კუთხის კამერა ასტრონავტებმა ბოლოს 2009 წელს გამოცვალეს. NASA-ს განცხადებით, ამ კამერას სათადარიგო ელექტრონული მოწყობილობებიც გააჩნია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.
სწორედ ჰაბლის ეს კამერა იღებდა დროსა და სივრცეში გაფანტულ ვარსკვლავთა და გალაქტიკათა მომაჯადოებელ ფოტოებს. ის აგრეთვე სწავლობდა მზის სისტემის ობიექტებს. აღმოჩენილი აქვს ციცქნა მთვარეები პლუტონის გარშემო, ისევე როგორც ნეპტუნის 14 ახალი მთვარე. კამერა ფოტოებს იღებდა ხილულ, ულტრაიისფერ და ახლოინფრაწითელ დიაპაზონებში.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 1990 წელს გაუშვეს. დედამიწის გარშემო მოძრაობს ზედაპირიდან 560 კმ სიმაღლეზე. გაშვებიდან დღემდე, შეკეთებისა და განახლების მიზნით, ასტრონავტები კოსმოსური შატლით ტელესკოპს ხუთჯერ ესტუმრნენ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს, ჰაბლს ასევე დაუზიანდა ერთ-ერთი გიროსკოპი, რის გამოც შეექმნა მიმართულების შეცვლის პრობლემა. რაც შეეხება ამჟამინდელ ხარვეზს, NASA-ს განცხადებით, კამერას მსგავსი პრობლემა ჯერ არ შექმნია.
ხარვეზის აღმოფხვრაზე NASA აქტიურად მუშაობს, რათა ჰაბლმა რაც შეიძლება მალე განაახლოს სამეცნიერო საქმიანობა.