გურამ ფალავანდიშვილი - დავიცავთ ყველა იმ ობიექტს, სადაც ლგბტ პრაიდის გამართვას აპირებენ
დღევანდელი მიზანია, ორგანიზებული სახე მივცეთ ჩვენს ქალაქში წესრიგის დამყარებასა და წესრიგის დაცვას, – ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა ვერის ბაღში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
მისი თქმით, „ამ შემთხვევაში უწესობას წარმოადგენს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა“.
„სამართალდამცავები გამოდიან სამართალდამრღვევები, რადგან უწესობას არ უშლიან, პირიქით, იცავენ. ამიტომ ხალხმა, მთელმა საქართველომ უნდა დაამყაროს წესრიგი, რომ არ ჩატარდეს ჩვენი შვილებისთვის და ერისთვის დამაზიანებელი პროპაგანდა. რადგან სახელმწიფო ამას თავის თავზე ვერ იღებს და სახელმწიფო ვალდებულია, ეს ძალით აღკვეთოს, ხალხი გამოიყენებს ამ ძალას. ფიზიკურად უნდა შეაჩეროს, რომ არ მოხდეს ეს გამოსვლა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ობიექტს, სადაც აპირებენ ლგბტ პრაიდის გამართვას, პიკეტირებას გავუკეთებთ. იმედია, სახელმწიფო არ შემოამტვრევს კარებს და არ შემოიყვანს სოდომ-გომორს თავისი დროშებით, რომ კონცერტი ჩაატარონ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.