შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს ცრუ მოწმეს, ხოლო მის განცხადებებს ტყუილს უწოდებს. დონაძე და ბაქრაძე ბუტა რობაქიძის საქმეზე არიან ბრალდებული.
„ზურა ბაქრაძე არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორია ცრუ მოწმე. სამწუხარო და სამარცხვინოა დღევანდელი პროკურატურის საქციელი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბაქრაძესთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომ – შენ თუ დაადებ ამ ადამიანებს ხელს, ვითომ არარსებულ დანაშაულს აიღებ საკუთარ თავზე და იტყვი, რომ ასე გააკეთე და ყველამ ასე გააკეთა, ძებნილობას მოგიხსნით, ჩამოგიყვანთ და სახლში მშვიდად გაცხოვრებთ, ღმერთმა იცის, კიდევ რას დაპირდნენ“, – განაცხადა გურამ დონაძემ.
მისი თქმით, ბაქრაძის ყველა სიტყვა და წინადადება არის ტყუილი. რაც შეეხება ფირებს, დონაძე ამბობს, რომ ნამდვილი ფირი დევს სასამართლოში, რომელიც უწყვეტია და ბრალდების მხარის ექსპერტიზამაც კი ვერ თქვა, რომ ეს იყო მონტაჟი.
„დღეს უკვე, როდესაც ამ ფაქტის წინაშე აღმოჩდნენ, ბაქრაძე მოძებნეს. დადოს სატელეფონო, აუდიო-ვიდეო მტკიცებულება როგორ ვაშანტაჟებ. მისი შვილი და პროკურორი დადიან სასამართლოში, ვესალმები და ვემშვიდობები. ზურა ბაქრაძისგან არ მიკვირს, უარესები იკადროს. ბაქრაძის წარსული ვიცი რაც არის, როგორი პოლიციელიცაა“, – განაცხადა დონაძემ.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ მიქაძესა და შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც ბაქრაძემ პირველ არხს განუცხადა, დონაძე მას ვიდეოფირით აშანტაჟებს, რომელზეც ბაქრაძის მიერ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში მონაწილეობა ჩანს. ზაზა ბაქრაძე, რომელიც ძებნილია, ბრალს სრულად ეთანხმება და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა. მას ბრალი ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება.