ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდარუში შეხვედრას მართვენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს პირველ პირებთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები 16 მარტს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად არიან ჩამოსული.
შეხვედრის შემდეგ, მხარეები შემთხვევის ადგილზე მივლენ და უშუალოდ ადგილზე გაეცნობიან ვითარებას.
„კომპანია „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება.
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიების ხარისხთან შესაბამისობას, უსაფრთხოების დაცვას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
„ბიურო ვერიტასს“ მსოფლიოს 140 ქვეყანაში 1 400 ოფისი და ლაბორატორია აქვს. კომპანიაში 69 000 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის დამკვეთთა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს.
„ბიურო ვერიტასი“ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სანდრო ტექნიკური ექსპერტიზის კომპანია. ასევე მაღალი სანდოობით სარგებლობს კომპანიის მიერ გაცემული აკრედიტაცია“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. რვა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს – შვიდი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“. ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.