გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქე ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ნაყოფის მხრივ რაიმე გართულება არ აღინიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელმაც პაციენტი „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მოინახულა.
„ორსული ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც აქ იმყოფება, დამაკმაყოფილებელია. ნაყოფის მხრივ, რაიმე გართულება არ აღინიშნება. მისი ჩივილია წელის ტკივილი, რომელიც სავარაუდოდ დაჟეჟილობით არის გამოწვეული. დღის განმავლობაში ის დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება გაწერა და გამგზავრება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი განცხადებით, პაციენტის რეანომობილით ტრანსპორტირების საჭიროება არ არის და სავარაუდოდ ჩვეულებრივი ავიარეისით გაემგზავრება. კვლევების შემდეგ გადაწყდება, საჭიროა თუ არა მგზავრობისას ექიმის თანხლება, საჭიროების შემთხვევაში, ესეც უზრუნველყოფილი იქნება.
კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორის გიორგი გოცაძის განცხადებით, შვედეთის მოქალაქეს დღეს განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა, კონკრეტულად როდის გაწერება კლინიკიდან.
„გუშინ გუდაურიდან გადმოყვანილი შვედეთის მოქალაქე არის სტაბილურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. დღეს ვგეგმავთ განმეორებითი კვლევების ჩატარებას, თუ მისი მდგომარეობა ცვლილების გარეშე იქნა, შესაძლებელი გახდება მისი გაწერა და ტრანსპორტირება თავის ქვეყანაში. დღის მეორე ნახევარში ზუსტად გვეცოდინება“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.
მისი თქმით, შვედეთის მოქალაქეს ხერხემლის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება. ფეხმძიმობის მხრივ კი, პრობლემები არ ფიქსირდება.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. სამედიცინო დაწესებულებებში რვა მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო, შვიდი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“. ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.