გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.
დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი, შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.
დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.
საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი გუდაურის ამბულატორიაში იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში გადაყვანას სამინისტრო უზრუნველყოფს, რომელმაც კურორტზე სამი რეანომობილი გაგზავნა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.