გუდაურში დაშავებულ ფეხმძიმე ქალს კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ
გუდაურში დაშავებულ ფეხმძიმე ქალს კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ

გუდაურში გუშინ დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ფეხმძიმედაა, კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.

მედიქლაბ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორის, გიორგი გოცაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, განმეორებითი კვლევებიც ჩაუტარდა, თუმცა მედიკოსებმა მაინც დღეს მისი საავადმყოფოში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი გოცაძის განცხადებით, მთავარი რისკები ფრენას უკავშირდება, რადგან პაციენტს წელის ტკივილი აქვს.

„პაციენტი სტაბილურადაა. არის ხერხემლის ტრავმა და წელის ტკივილი, როგორც იყო. დღეს არ გავწერეთ, რადგან ტკივილი აქვს ისევ. თანაც ფრენა ღამეა და ამიტომ გადავდეთ. როდის დატოვებს კლინიკას, იმაზეა დამოკიდებული, ფრენას როგორ შეძლებს, თორემ რაიმე სხვა სახის ჩარევას ჩვენ არ ვგეგმავთ, ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

დაშავებული დღეს კლინიკაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმაც მოინახულეს. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ფრენისას ექიმის თანხლებაც იქნება უზრუნველყოფილი.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.  რვა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს – შვიდი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“.  ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.