გუდაურში დაშავებულ ახალგაზრდა ქალს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება
გუდაურში დაშავებულ ახალგაზრდა ქალს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა. მისი თქმით, 30 წლის ქალს ხერხემლის სვეტი აქვს დაზიანებული, ამიტომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
როგორც ქარცივაძემ აღნიშნა, ღუდუშაურის კლინიკაში სულ შვიდი დაშავებული მიიყვანეს, რომელთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
„პაციენტებზე მიმდინარეობს კვლევა-დაკვირვება. შედარებით საყურადღებოა ერთი ქალბატონის მდგომარეობა. 30 წლის პაციენტია, რომელთანაც სიღრმისეული კვლევებით გამოვლინდა ხერხემლის სვეტის დაზიანება და ამჟამად მას ოპერაცია უტარდება, თუმცა მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. მას წელის პირველი მალის დაზიანება აქვს და ფიქსაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა ქარცივაძემ.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, როგორც კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მათი მდგომარეობა გაცილებით სტაბილურია.
„პაციენტები არიან გონზე, კონტაქტურები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერ უნდა შეფასდეს, მათზე დაკვირვება განხორციელდეს და ამის მიხედვით გადაწყდება, როდის გაწერენ კლინიკიდან“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.