გრიგოლ მიქელაძე - მხარს ვერ დავუჭერ იმას, რომ ქვეყნის პირველ პირს დაცვა სიცოცხლის ბოლომდე არ დარჩეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გრიგოლ მიქელაძის მოსაზრებით, ეკონომია სხვა საკითხებზე უნდა გაკეთდეს და არა ქვეყნის პირველი პირის დაცვაზე.
გრიგოლ მიქელაძე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, სადაც ინიციატივა აღნიშნული უწყების ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პირადად წარადგინა.
„ეკონომია სხვა საკითხებზე უნდა გააკეთოთ. მხარს იმას ვერ დავუჭერ, რომ მომავალში, ქვეყნის პირველ პირს დაცვა სიცოცხლის ბოლომდე არ დარჩეს”, – განაცხადა მიქელაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით, უფლებამოსილების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის სავალდებულო წესით დაცვის შენარჩუნება გათვალისწინებული ერთი წლითაა. ერთი წლის შემდეგ კი, აღნიშნულ პირებს დაცვა შეიძლება მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე დაენიშნოთ.