თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პრეზიდენტისა და პრემიერისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პრეზიდენტისა და პრემიერისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ. აღნიშნული გავრცელდება ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც.

ამ დროისთვის, კანონის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე უპირობოდ უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა. თუმცა, იმავე კანონის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირს და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც უფლებამოსილების შეწყვეტის ვადის გასვლის შემდეგ დაცვა ენიშნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განმარტავენ, სწორედ ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ჩანაწერი გახდა ახალი ინიციატივის მიზეზი.

ცვლილების მიხედვით, მეოთხე პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს დაცვა შეუნარჩუნდება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით. თუმცა, ახალ პროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ყოფილ პირველ პირებს სახელმწიფო დაცვა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილების საშუალებით. მთავრობა კი ამ დადგენილებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების, შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის ან დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია რომელიმე ყოფილი პირველი პირის მიმართ სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მუქარასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ კონკრეტული პირის მიმართ დაცვის მოხსნა რისკის შემცველია, მაშინ შესაბამისი სტრუქტურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნით უნდა გაგრძელდეს პირის დაცვა. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და მას, საჭიროების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღასრულებს.