იურიდიული კომიტეტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს
იურიდიული კომიტეტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს.

ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ. აღნიშნული გავრცელდება ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც.

პროექტის მიზანი ყოფილი პრემიერებისა და პრეზიდენტებს სახელმწიფო დაცვლა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოემსახურებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ინიციატივა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს ინიციატივა ბიუჯეტში მეტ თანხას გამოათავისუფლებს.

„ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნების პრაქტიკა, მათ შორის წამყვანი ევროპული ქვეყნების მაგალითებიც. თუმცა, არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობაში არ იყო ჩანაწერი სახელმწიფო დაცვის მთელი ცხოვრება მომსახურებაზე. ვფიქრობ, სწორი და დემოკრატიული მიდგომა იქნება, რომ არა რომელიმე კონრეტულ პირს, არამედ ყველას შეეხოს ეს ცვლილება. ხოლო, ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა ყოფილ პირველ პირებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაენიშნებათ. ეს ცვლილება და გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრებსაც დაგვიზოგავს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ დროისთვის, კანონის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე უპირობოდ უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა. თუმცა, იმავე კანონის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირს და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც უფლებამოსილების შეწყვეტის ვადის გასვლის შემდეგ დაცვა ენიშნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განმარტავენ, სწორედ ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ჩანაწერი გახდა ახალი ინიციატივის მიზეზი.

ცვლილების მიხედვით, მეოთხე პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს დაცვა შეუნარჩუნდება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით. თუმცა, ახალ პროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ყოფილ პირველ პირებს სახელმწიფო დაცვა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილების საშუალებით. მთავრობა კი ამ დადგენილებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების, შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის ან დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია რომელიმე ყოფილი პირველი პირის მიმართ სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მუქარასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ კონკრეტული პირის მიმართ დაცვის მოხსნა რისკის შემცველია, მაშინ შესაბამისი სტრუქტურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნით უნდა გაგრძელდეს პირის დაცვა. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და მას, საჭიროების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღასრულებს.

დოკუმენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონმდებლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე გააცნობს.