შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს 2019 წელს ხელფასი გაეზრდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს 2019 წელს ხელფასი გაეზრდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს 2019 წლიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

„2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2 900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე დაგეგმილია ხელფასის მომატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

მამუკა ბახტაძემ დღესვე განაცხადა, რომ 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.