დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს სახელმწიფო დაცვა და ავტომობილი 2020 წლამდე შეუნარჩუნდებათ
დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს სახელმწიფო დაცვა და ავტომობილი 2020 წლამდე შეუნარჩუნდებათ

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს, დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს სახელმწიფო დაცვა და ავტომობილი 2020 წლამდე შეუნარჩუნდებათ. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას აღინიშნა, რომლის არსი დეპუტატებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მეორე მოსმენის რეჟიმში გააცნო.

ცვლილებებით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა შეიძლება, დაცვა მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე დაენიშნოთ.

სხდომაზე უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დაინტერესდა, რატომ უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა დავით ბაქრაძეს.

„თუ გვინდა, ბაქრაძეს ვასიამოვნოთ, გასაგებია, მაგრამ დაასაბუთოს,  რა საფრთხის ქვეშაა. უსუფაშვილის შემთხვევაში გასაგებია, რომ წინა პრაქტიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ მაშინ დაცვას წინა პრეზიდენტიც მოითხოვს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ ბაქრაძესა და უსუფაშვილს დაცვა  და ავტომობილი პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით უნარჩუნდებათ. მისივე თქმით, 2020 წლისთვის კანონი ყველა დასაცავ პირზე გავრცელდება.