გრენლანდიის ყინულის საფარის ქვეშ უძველესი ტბის ნაშთები აღმოაჩინეს – #1tvმეცნიერება
გრენლანდიის ყინულის საფარის ქვეშ უძველესი ტბის ნაშთები აღმოაჩინეს – #1tvმეცნიერება

გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მყინვარული საფარის ქვეშ გიგანტური, უძველესი ტბის ნარჩენები აღმოაჩინეს. მეცნიერთა განცხადებით, ტბა ასობით ათასი ან საერთოდაც მილიონობით წლისაა.

ე. წ. ნამარხი ტბის ეს უზარმაზარი კალაპოტი წარმოადგენს ფენომენს, რომელიც მსოფლიოს ამ ნაწილში არასოდეს ჰქონდათ ნანახი, თუმცა ცნობილია, რომ გერნლანდიის უზარმაზარი მყინვარული საფარი (მსოფლიოში მეორე უდიდესი, ანტარქტიდის შემდეგ) ქვეშ მრავალ საიდუმლოს მალავს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი სისწრაფით დნება.

შარშან, გრენლანდიის ყინულებქვეშ მეცნიერებმა აღმოაჩინეს 50-ზე მეტი მყინვარქვეშა ტბა — გამდნარი წყლის ტბორები, რომლებიც ხმელეთსა და ყინულის საფარს შორის არის მოქცეული.

ახალი აღმოჩენა სხვანაირი სახისაა — უძველესი ტბის აუზი, რომელიც დიდი ხნის წინ დაშრა და ათასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა დანალექით ამოივსო. დალექილი ქანების სისქე 1,2 კილომეტრია და მაღლიდან დაფარულია 1,8 კმ სისქის ყინულით.

მკვლევართა განცხადებით, დიდი ხნის წინ, როდესაც ეს ტბა წარმოიქმნა, რეგიონი ყინულით დაფარული არ უნდა ყოფილიყო, ტბის ზედაპირის ფართობი კი 7100 კვადრატული კილომეტრი უნდა ყოფილიყო.

ამ ზომის ტბას 580 კუბური მეტრის მოცულობის წყალი უნდა ჰქონოდა, რომლითაც სულ მცირე 18 უძველესი ნაკადული ავსებდა ჩრდილოეთ ნაწილიდან.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად ძველია ეს ტბა, მაგრამ ამის გარკვევა შესაძლებელი გახდება მისი დანალექი ქანების ანალიზით.

„ეს მრავალ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს იმ ლანდშაფტის შესახებ, რომელიც დღეს სრულიად დამალული და მიუწვდომელია. თუ დანალექების ამოღებას შევძლებთ, გავიგებთ, როდის არ იყო და როდის გაჩნდა იქ ყინული“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მყინვარების გეოფიზიკოსი გაი პაქსმენი.

უზარმაზარი, დამშრალი ტბის კალაპოტი NASA-ს მისია IceBridge-ის მიერ ჩატარებული დაკვირვებებით აღმოაჩინეს. ამ აერო-პროგრამის ფარგლებში, NASA დედამიწის პოლარულ რეგიონებს იკვლევს.

გრენლანდიის მყინვარული საფარის თავზე გადაფრენისას, სხვადასხვა რადარის საშუალებით, გრავიტაციისა და მაგნიტური მონაცემების გამოყენებით, ჯგუფმა ყინულის ქვეშ მყინვარქვეშა ტბის გეომორფოლოგია შენიშნა. მონაცემებმა გამოავლინა დანალექების დიდი მასა, რომელიც ნაკლებად მკვრივი და ნაკლებად მაგნიტური მონაცემებისგან შედგება, ვიდრე ქანების სხვა მიმდებარე მასები.

ჯგუფის აზრით, შესაძლებელია, რომ ტბა თბილ ხანაში გაჩნდა ქანების გადაადგილების შედეგად. ასევე შესაძლებელია, აუზი მყინვარულ ეროზიას ამოეჭრა დროთა განმავლობაში.

მეცნიერებს სჯერათ, რომ უძველესი აუზი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცავს მნიშვნელოვან დანალექოვან ჩანაწერებს და თუ იქიდან ამ დანალექების ნიმუშების ამოღებას შევძლებთ, შეიძლება გავიგოთ, როდის არ იყო ამ რეგიონში ყინული ან როდის დაიფარა; ბევრ რამეს გვეტყვის ამ რეგიონის წარსულის კლიმატისა და გარემო პირობების შესახებაც.

კვლევა ჟურნალ Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.