ყინულის დნობის გამო, გრენლანდიის სანაპიროს ფორმა სწრაფად იცვლება — #1tvმეცნიერება
ყინულის დნობის გამო, გრენლანდიის სანაპიროს ფორმა სწრაფად იცვლება — #1tvმეცნიერება

სწრაფი დნობა გრენლანდიის სანაპიროს ფორმას უცვლის და შესაბამისად, კუნძულის სანაპიროს გასწვრივ ცვლის ადამიანთა და ცხოველთა ეკოსისტემებს.

ახალი კვლევის მიხედვით, გრენლანდიაში ყინულის უკან დახევამ შეცვალა მყინვართა ნაკადები და მათი ზღვასთან მიერთების ფორმები. ამ ცვლილებებმა შეიძლება მომავალში გავლენა იქონიოს გრენლანდიის ყინულის დანაკარგებზე.

როგორც უახლესი კვლევები მიუთითებს, გრენლანდია წელიწადში 500 გიგატონა ყინულს კარგავს, უფრო მეტს, ვიდრე ახალი თოვლით ივსება. ყინულის ამჟამინდელი წლიური დანაკარგი 14 პროცენტით მეტია 1985-1999 წლებს შორის მაჩვენებელზე. ნადნობი წყალი მყინვარულ საფარს ალბობს და მიწისპირა ნაწილს მოცურებას უადვილებს, რაც მის დნობას კიდევ უფრო აჩქარებს.

აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემების ეროვნული ცენტრის მეცნიერის, ტუილა მუნის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ამ ცვლილებების შესახებ უფრო მეტ დეტალს მოჰფინა ნათელი.

მუნმა და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს შეურწყეს სატელიტურ გამოსახულებათა ორი ტიპის მონაცემები — რა სისწრაფით მოძრაობს მყინვარული საფარი და სად ასრულებენ მყინვარები გზას ქვედა ფერდობებზე. როდესაც მყინვარი უკან იხევს, მისი დაბოლოება ვეღარ აღწევს დაბლა ხეობაში, სადაც ერთ დროს აღწევდა.

როგორც გაარკვიეს, მყინვარების უკანდახევა გრენლანდიაში უკვე ახალი ნორმაა. მკვლევართა განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხია უკან მყინვართა 89 პროცენტმა.

მყინვართა ფორმების ასეთი ცვლილება მათ მოძრაობაშიც მრავალ ცვლილებას იწვევს. ზოგიერთი მყინვარი აჩქარდა, უფრო სწრაფად მიდის ზღვისკენ; ზოგმაც მოძრაობა შეანელა. ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთ მყინვარზე შეინიშნება როგორც აჩქარება, ისე შენელება, რაც მის გარშემო არსებულ ტოპოგრაფიაზეა დამოკიდებული.

მყინვარები ყინულის მდინარეებია და შესაბამისად, მათ დინებას ნაწილობრივ განსაზღვრავს არა დნობის სისწრაფე, არამედ ისიც, რა არის მათ ქვეშ.

მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთ გრენლანდიაში არსებულმა მყინვარებმა — კჯერმა და ჰეიესმა 1990-2010 წლებში მოძრაობა ააჩქარეს, მაგრამ ახლომდებარე სხვა მყინვართა ოკეანისკენ სვლა შენელდა. იქვე მდებარე ერთ-ერთი ვულკანის სამხრეთ ნაწილი კი თავიდან აჩქარდა, შემდეგ შენელდა.

მკვლევრებმა შენიშნეს ისიც, რომ ყინულის არხები წვრილდება, გზას იცვლის ნადნობი წყლის ნაკადულები, ნელდება ახალი ყინულის წარმოქმნა და მყინვარები ადგილზე არიან ჩარჩენილი, უფრო მეტად ტბების და არა მდინარეების მსგავსად.

ყველა ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია იმის პროგნოზირებისთვის, თუ რამდენად სწრაფად გაუჩინარდება გრენლანდიის ყინული მომავალში. ცვლილებები გავლენას ახდენს წყალში საკვები ნივთიერებების რაოდენობისა და ჩადინების ადგილებზეც.

„ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანისა და ატმოსფეროს გათბობასთან ერთად, ნათლად ვხედავთ, როგორ ჩქარდება ოკეანეში ყინულის შედინება და როგორ იხევს უკან ყინულის კიდეები“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, NASA-ს მკვლევარი ალექს გარდნერი.

მისივე თქმით, ახლოდან დაკვირვებისას უფრო აშკარა ხდება, რამდენად კომპლექსურია თითოეული მყინვარის პასუხი დათბობისადმი, რისი შესწავლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მომზადებული შევხვდეთ ყინულის დნობით გამოწვეულ ზღვის დონის მატებას.

კვლევა Journal of Geophysical Research: Earth Surface-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.