გიორგი შარვაშიძე -  1918 წელს შეიქმნა უნივერსიტეტი, რომლის პრინციპი თავიდანვე ​იყო თანასწორობა და ღიაობა
გიორგი შარვაშიძე -  1918 წელს შეიქმნა უნივერსიტეტი, რომლის პრინციპი თავიდანვე ​იყო თანასწორობა და ღიაობა

100 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს იყო ერთი მხრივ, ძალიან მოკლე ისტორიული მონაკვეთი, მეორე მხრივ, არის ძალიან დიდი სიმბოლიზმით დატვირთული 100 წელიწადი, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თსუ შეიქმნა იმ დიდი მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა.

“ეს იყო ის აკადემიური ტრადიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა. მიუხედავად იმ ჰუმანისტური წამოწყებისა და მიმართებისა, რომელიც ყოველთვის იდო განათლების ქვაკუთხედად, ჯერ კიდევ გელათის აკადემიაში ტრიდიუმისს და კვადრიუმის პრინციპით სწავლება მიმდინარეობდა ბოლონიის უნივერსიტეტის კვალობაზე. ეს იყო ყველაზე თანამედროვე სისტემა, იმ დროინდელ მსოფლიოში, ყველაზე ევროპული სისტემა, მე ვიტყოდი, უმაღლესი განათლებისა. 1918 წელს აღდგა ისტორიული სამართლიანობა და დაარსდა ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა, რომელიც ემყარებოდა ქართულ საგანმანათლებლო ტრადიციას. შეიქმნა უმაღლესი სკოლა, რომლის პრინციპი იყო თანამედროვე კვლევა, რომლის პრინციპი თავიდანვე ​იყო თანასწორობა, ღიაობა და დემოკრატიზმი”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

მისივე თქმით, ივანე ჯავახიშვილი თანამოაზრეებთან ერთად ძალიან რთულ პერიოდში შეუდგნენ უნივერსტიტეტის მშენებლობას, მისი იდეის ჩამოყალიბებას.

„1907 წლიდან დაიწყო მუშაობა ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცაღა არ ყოფილა მაინცდამაინც მხარდაჭერილი ბევრი ინტელექტუალის თუ ბევრი პოლიტიკოსის მიერ. მიუხედავად ამისა, დიდმა ივანემ შეძლო ის, რაც განახორციელა. მოგვიანებით ჩამოყალიბდა ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტი. პირველი ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, შეიქმნა 1917 წელს და იქ უკვე გაერთიანდა ინტელექტუალური ელიტა, ის ხალხი, ვინც შემდგომში ჩამოაყალიბეს მსოფლიოში ძალიან ბევრ ცნობილ სამეცნიერო სკოლას. 1907 წლიდანვე დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ ვინ შეიძლება ასწავლოს პირველ ქართულ უნივერსიტეტში. შეკრება მომავალი პროფესორებისა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა. მოხდა მათი შეკრება, ჩამოყვანა. თავიდანვე პრინციპები, რომელიც იყო ჩადებული უნივერსიტეტის დაარსებისა, ეს გახლდათ უნივერსიტეტის ავტონომია”, – აღნიშნა შარვაშიძემ.