გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
როგორც ადვოკატი ამბობს, ბარბაქაძეს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მოგვიწია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა, რადგან ასეთი რაღაც არ გამიგია, რომ აღკვეთის ღონისძიება ინიშნება დილით და წინა დღეს, ღამის პირველ-ორ საათზე გადმომეცა საქმის მასალები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თავს ცნობს უდანაშაულოდ. შუამდგომლობით მივმართავ პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში და მას ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია“,- განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.