გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. 17 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.