„გალერია თბილისი“ იქნება არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ გასართობი და კულტურული ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „გალერია თბილისის“ გახსნაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა თანაინვესტირების ფონდსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
“მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესში ყველაზე რთული სამუშაოები ქართულმა კომპანიებმა შეასრულეს და 90% გამოყენებული იყო საქართველოში ნაწარმოები მასალები. მშენებლობის პროცესში ორი ათასი ადამიანი იყო დასაქმებული და დღეს უკვე ამ სავაჭრო ცენტრში 800 ადამიანია მუდმივად დასაქმებული. რამდენადაც მითხრეს, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ სავაჭრო ცენტრში მთლიანობაში 97 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მადლობა თანაინვესტირების ფონდს, რომელმაც ძალიან რთული და მოცულობითი პროექტი დაასრულა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აიღო თავის თავზე ეს საქმე და პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მიტოვებული, განაახლა და დაასრულა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თანაინვესტირების ფონდის პორტფელში ცხრა პროექტია, ეს არის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოების განვითარება; ტურიზმის განვითარების ფონდში არის რვა მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის საერთო მოცულობა შეადგენს 640 მილიონ დოლარს, მთლიანად თანაინვესტირების ფონდის მთელი პორტფელის მოცულობა თითქმის 2 მილიარდ დოლარს აღწევს.
“ეს არის უამრავი დასაქმებული ადამიანი, ყველა პროექტის მასშტაბით 20 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება ჩვენ ქვეყანაში. პროექტების დასრულების შემდეგ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი კიდევ ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ თბილისს არაერთი ასეთ მნიშვნელოვანი ადგილი შეემატება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.