გიორგი ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის „საქნახშირის“ გადაცემის შეთავაზებას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი განმარტავს, რომ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” განცხადება და მათ დაქვემდებარებაში მყოფი „საქნახშირის“ შეთავაზება, სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე, დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს და გადაწყვეტილება, გადავა თუ არა შახტი სახელმწიფოს მართვაში, ამის შემდეგ იქნება მიღებული.
„ეს თემა საჭიროებს დამატებით კონსულტაციას როგორც კომპანიასთან, ისე სახელმწიფოს ყველა უწყებასთან. ჩვენ გვექნება კონსულტაციები კომპანიასთან და ალბათ, ამის შემდეგ იქნება საშუალება, რომ უფრო დეტალური კომენტარები გავაკეთოთ“, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა პირველ არხთან საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ადგილზე უკვე იმყოფებოდა ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიდება ექსპერტიზის დასკვნა“,- განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
ჩერქეზიშვილის განცხადებით, იკვეთება პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვის საჭიროებაც.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.
მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.