ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი დაკითხეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღეს სასამართლოზე ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი, გოჩა დვალი დაკითხეს. მანამდე კი ბრალდებულმა გიორგი ჭანტურიამ განცხადება გააკეთა.
ჭანტურია ეჭვობს, რომ საპატიმროში მას აგენტი მიუჩინეს.
„ჩემი პატიმრობაში ყოფნის დროს ჩემზე მოჩენილი არის აგენტი, რომელიც ძალიან ხშირად ინტერესდება საქმის დეტალებით. ეს ადამიანი ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით ისეთ დეტალებს, წვრილმანებს, რომელიც შეიძლება მეც კი არ ვიცი და არ მიმიქცევია ყურადღება. შესაძლებელია, ეს ადამიანი გაჩნდეს ჩემს საქმეში რაიმე ფორმით. შემდგომ შეიძლება, თქვას, რომ თუნდაც ჭამის დროს შევამჩნიე, ჭანტურია არის დამნაშავეო. ეს შემდეგ თქვენი შესაფასებელი იქნება. მე უბრალოდ პრევენციის მიზნით გავაკეთე ეს განცხადება“,- განაცხადა ბრალდებულმა.
ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია ურთიერთსაწინააღმდეგოა.
„მოვისმინეთ მამუკა ცხოვრებაძის ჩვენება, დიმიტრი ჩხეიძის ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოფისის წინა კართან შეეჩეხნენ გოჩა დვალს, კობა რეხვიაშვილს და ასე შემდეგ. დღევანდელმა მოწმემ განაცხადა, რომ ოფისის წინა კართან ამ პერიოდში არც მოხვედრილა ეს ადამიანი. შესაბამისად, დიმიტრი ჩხეიძის, მამუკა ცხოვრებაძის და ალბათ, მომავალში კობა რეხვიაშვილის ჩვენებები დგას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ამავდროულად დადასტურდა, რომ ოფისის წინა და უკანა კარი მთელი დღის განმავლობაში იყო ღია და დაცვის სამსახურის მიერ არ კონტროლდებოდა. ნებისმიერი პირი შეიძლებოდა მოხვედრილიყო შიგნით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო ჩაედინა ეს საზარელი დანაშაული. გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ იმყოფება პატიმრობაში“,- განაცხადა ადვოკატმა.
ბექა ბასილაია ასევე არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჭანტურიასთან საკანში ადმინისტრაციის მიერ შეგზავნილი პირი იმყოფებოდეს.
„შესაძლებელია, ციხეზე მასთან ერთად მჯდომი ადამიანი იყოს შეგზავნილი ადმინისტრაციის მიერ, რომ ცრუ ინფორმაცია შემდგომში გაავრცელოს საზოგადოებასა და სასამართლოში, თითქოსდა გიორგი ჭანტურიამ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რაღაც ამ დანაშაულთან დაკავშირებით ისაუბრა. შეიძლება ეს სცენარი იყოს დადგმული. ამიტომ, პრევენციის მიზნით გავაკეთეთ ეს განცხადება“,- აცხადებს ბასილაია.
პროკურორ ბესიკ ჯალაღანიას ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას განცხადება, თითქოს ერთ-ერთ პატიმარს მისგან ინფორმაციის მიღება სურდეს, ცნობად იქნება მიღებული.
„გიორგი ჭანტურიას საქმეზე იკითხებიან ბაზრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები, დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შემდეგ, რა ვითარება დახვდათ თანამშრომლებს ადგილზე. ისაუბრა ადმინისტრაციის შენობის განლაგებაზე, ასევე სამსონ ქუთათელაძის ურთიერთობის შესახებ გიორგი ჭანტურიასთან.
შემდეგ პროცესზეც გაგრძელდება ადმინისტრაციის თანამშრომლების გამოკითხვა. გიორგი ჭანტურიამ დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ პატიმარს შეიძლება სურდეს მისგან ინფორმაციის მიღება. ისაუბრა ზოგადად, ეს პატიმარი არ დაუსახელებია. ის ეჭვობს, რომ თითქოს შესაძლოა, ამ პატიმრის გამოკითხვა მოხდეს პროცესზე. კონკრეტულად რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაზე მინიშნება არ ყოფილა, შესაბამისად, მისი ეს განცხადება მიღებულ იქნა ცნობად“,- განაცხადა პროკურორმა.