სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დავით კირკიტაძეს გირაოდ ხუთი ათასი ლარი განუსაზღვრა
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დავით კირკიტაძეს გირაოდ ხუთი ათასი ლარი განუსაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთი ათას-ლარიანი გირაო განუსაზღვრა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა.

რაც შეეხება დავით კირკიტაძის დაცვის მხარეს, მისი მოთხოვნა იყო, მოსამართლეს კირკიტაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა ბრალდებას.

„არ მჯერა თქვენი სამართლის და ამ ფარსში არ მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა „ნციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამასთან, სასამართლოში მან განაცხადა: „თავისუფლება მიშას“.

პროკურატურამ 2021 წლის 24 ოქტომბერს რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.