„საბურთალომ” გიორგი ჭანტურია წარადგინა - ჩემპიონატის დაწყებამდე ფორმაში შევალ
„საბურთალომ” გიორგი ჭანტურია წარადგინა - ჩემპიონატის დაწყებამდე ფორმაში შევალ

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ახალწვეული წარადგინა – 2020 წელს საქართველოს თასის მფლობელ გუნდში გიორგი ჭანტურია ითამაშებს. საქართვველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 26 წლის თავდამსხმელი (14 მატჩი, 2 გოლი) სწორედ „საბურთალოს“ გაზრდილია და პროფესიული კარიერა ამ კლუბიდან დაიწყო.

ჭანტურია „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ წარადგინმეს.

„ამ გადაწყვეტილების გამო დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და ეს მახარებს. გუშინ გიორგის პირველად შევხვდით, ჩვენი თანამშრომლობა კი საბოლოოდ ახლა გადაწყდა. ეს ჩემთვის ემოციური მომენტია, რადგან გიორგი „საბურთალოს“ აღზრდილია. იმედია, ჩვენი გუნდი მისთვის კიდევ ერთხელ გახდება ევროპული ტრამპლინი, ხოლო ის ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროსარბიელზე გუნდს დაეხმარება. ისიც მაიმედებს, რომ გუნდში ჭანტურიას ერთ-ერთი აღმზრდელი მწვრთნელი დახვდება. მინდა მივულოცო გიორგის დაბრუნება და წარმატებები ვუსურვო“ – ამბობს „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გიორგი ჭანტურია: „ძალიან მიხარია რომ დავრბუნდი იქ, სადანაც კარიერა დავიწყე. ეს გუნდი ჩემთვის დიდი ტრამპლინი იყო. მიზეზთა გამო, დრო გამიცდა. ბედნიერი ვარ, რომ ვარ იქ, საიდანაც 10 წლის წინ „ბარსელონაში“ ჩემი ტრანსფერი წყდებოდა. სხვა გუნდებს არ განვიხილავდი, რადგან „საბურთალოსთან“ ბევრი მაკავშირებს. აქაა ცეცაძე, რომელსაც დევდარიანთან და ფოცხვერიასთან ერთად ვუმადლი გაზრდას. ადვილი არაა აიყვანო მოთამაშე, რომელსაც ამდენი დრო გაუცდა. მადლობელი ვარ გიასი, რომელმაც ამაზე პასუხისმგებლობა აიღო და გუნდში ამიყვანა. ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, გუნდს როდის შევუერთდები. მჯერა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ფორმაში შევალ“.

კახა კაშია: „გიორგის ტრანსფერი იყო პირველი ტრანსფერი ახალდაარსებული კლუბისთვის. მიხარია, რომ გიორგის ისევ ჩვენთან ვხედავთ“.

გია ცეცაძე: „მიხარია, რომ დაგვიბრუნდა უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი და მჯერა, ის გუნდსა და ქვეყანას ისევ გამოადგება. ხალხი სტადიონზე ფეხბურთელებს მოჰყავს, გიორგი კი ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. თანაც ბავშვი აღარაა და დწრმუნებული ვარ, გუნდსაც წაადგება და საკუთარ თავსაც. ამ დაბრუნებით, მჯერა, რომ შედეგებს მოგვიტანს და ქართული ფეხბურთის განვითრებაში პატარა აგურს დადებს. სადაც ჭანტურიაა, იქ უმაღლეს მიზნებზე იქნება საუბარი და ეს გიორგისთან ერთად გაგვიდვილდება“.

გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

დატოვე კომენტარი