დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება
დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სამი მოწმე დაიკითხება.

როგორც პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, აღნიშნული პირები 2005-2007 წლებში სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის შეხვედრებში მონაწილეობდნენ.

„ამ საქმეზე გრძელდება არსებითი განხილვა. ბრალდების მხარის მიერ დღეს წარმოდგენილი იქნება სამი მოწმე. ეს არიან პირები, რომლებიც 2005-2007 წლებში კომისიების შეხვედრებში მონაწილეობდნენ, შესაბამის დოკუმენტაციასაც აწერენ ხელს. მათ შორის ერთი პირი ამ კომისიის წევრიც იყო. მათ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მოკლე ანალიზით დასტურდება, რომ სწორედ ბრალდებულები იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ რუკებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე მუშაობდნენ, ხაზის დატანის სამუშაოებს ისინი ატარებდნენ. ეს არის მათი ჩვენებების მოკლე ანოტაცია, რაც გამოძიების ეტაპზე მისცეს. როგორც აღვნიშნე 2005-2007 წლებს ეხება ამ პირების მონაწილეობა და შემხებლობა კომისიასთან. ისენი დაიკითხებიან სასამართლოს წინაშე. ყველა რელევანტური და არსებითი კითხვა დაისმება ჩვენ მიერ და დარწმუნებული ვარ, ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან. სახელს და გვარს ვერ გეტყვით, ერთი იყო კომისიის წევრი იმ წლებში, ერთი იყო ელჩი იმ პერიოდში, ხოლო მესამე მრჩეველი“, – განაცხადა პროკურორმა.