ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუასა და მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო.

დაცვის მხარის მოთხოვნით, ეს საქმეები ცალ-ცალკე განიხილება. ორივე საქმეზე პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

„დღეს ბიძინა ესებუას საქმეზე მთავარი სასამართლო სხდომა დაიწყო. მხარეებმა გავიარეთ შესავალი სიტყვა. დაცვის მხარემ თავის შესავალ სიტყვაში ისევ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშსწორების ობიექტი. იქიდან გამომდინარე, რომ ბადრი ესებუა ვერ დააკავეს, ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მისი ძმა, ბიძინა ესებუა. სწორედ ამაზე გამახვილდა ჩვენი მხრიდან ყურადღება, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე. მის მიმართ განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და საბრძოლო მასალის ჩადება. შემდგომ, როცა დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაცვის მხარე სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ მტკიცებულებებზე, სადაც აშკარად იკვეთება, რომ ბიძინა ესებუა მოცემულ საქმეში არის სრულად უდანაშაულო“, – განაცხადა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.

ბიძინა ესებუას საქმის მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება ბადრი ესებუას საქმეს, ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარუდგენია და პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება.

რაც შეეხება მის ძმას, ბიძინა ესებუას, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი