გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გიორგი ჭანტურია სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გიორგი ჭანტურია სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია მკვლელობის ნაწილში სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ამ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. პირველი ინსტანციის განაჩენს პროკურატურა ასაჩივრებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა რუსთავის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იარაღის ნაწილში. ჭანტურიას მიმართ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში შეფარდებულ 6-წლიან პატიმრობას ადვოკატები ასაჩივრებდნენ და ამ ნაწილშიც ბრალდებულის გამართლებას ითხოვდნენ.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სამსონ ქუთათელაძის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი მკვლელობაში ჭანტურიას ადანაშაულებენ. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. უზენაეს სასამართლოში იარაღის ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს, სავარაუდოდ, დაცვის მხარეც გაასაჩივრებს.

განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა გიორგი ჭანტურიამ. როგორც მან განაცხადა, უდანაშაულოა და იმედი გამოთქვა, იარაღის ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა.

სამსონ ქუთათელაძე რუსთავის ბაზრობის დირექტორი და ბაზრობის მეწილე იყო. ის 2018 წლის 15 იანვარს რუსთავის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლეს. ორ დღეში გიორგი ჭანტურია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მკვლელობის მუხლით ბრალდება მას მოგვიანებით წარუდგინეს.