თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეომასალების გამოკვლევას დაიწყებს. საუბარია 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეო მტკიცებულებებზე.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ არც მოწმეთა დაკითხვისთვის, არც ვიდეოების გამოსაკვლევად მზად არ არის. ნიკა მელიას ადვოკატების თქმით, მათთვის საჭირო იყო წინასწარ ინფორმირება, რათა მომზადებულიყვნენ ვიდეომასალების გამოკვლევისთვის. ამასთან, მათივე თქმით, საჭიროა, დაცვის მხარეს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია, რომელ მოწმეს მოიყვანს ბრალდების მხარე გამოსაკითხად.

ადვოკატები პროცესის გადადებას და 25 მაისს გაგრძელებას ითხოვენ. დაცვის მხარის პოზიციას პროკურორი არ იზიარებს.

„დაცვის მხარემ წინასწარ უნდა იცოდეს, რა ხდება პროცესზე. თავად თქვეს, რომ მოწმეების მოყვანას აპირებდნენ. ორი დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რომ ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ სასამართლო სხდომაზე“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით კი ბრალდების მხარის მოწმეების უმრავლესობა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან.

„სამწუხაროდ, ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომელი მოწმის მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ შევთანხმდით. დაცვის მხარეს უნდა მოგვეცეს ჯეროვანი შესაძლებლობა, სათანადოდ მოვემზადოთ ჩვენი სტრატეგიის მოსამზადებლად, ასევე ჯვარედინი დაკითხვის მოსამზადებლად.

ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეები არიან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, დაახლოებით 90 პროცენტი, რომლებიც აძლევენ ჩვენებას მათ მიერ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. ამის დაკავშირებას ცდილობენ ნიკა მელიას ფაქტორთან“, – განაცხადა კონდახიშვილმა.