გიორგი ჭანტურიას ადვოკატი - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას შსს ტენდენციურად აწარმოებს და რეალურ დამნაშავეებზე თვალს ხუჭავს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
ბექა ბასილაიას განცხადებით, შსს რეალურ დამნაშავეზე თვალს ხუჭავს და ჭანტურიას მიმართ საქმე „შეკერილია“ ცრუ მოწმეების ჩვენებების საშუალებით.
„გიორგი ჭანტურია არის ცრუ ბრალდების მსხვერპლი.მ ას რულიად დაუსაბუთებლად ედება ბრალი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში. ეს საქმე შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც „ჩადებული მოწმეების საქმე“. საქმის გამოძიებას შსს ტენდენციურად აწარმოებს და რეალურ დამნაშავეებზე თვალს ხუჭავს. ისინი ცდილობენ, გიორგი ჭანტურიას ხელი შეახოცონ, რომელსაც ეს ქმედება ნამდვილად არ ჩაუდენია. ამ პროცესში შსს-მ ჩაუდო მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც არსებითაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ამ მოწმეთა მიერ ადრე მიცემულ ჩვენებებს. სამწუხაროდ, პროცესში აქტიურად ჩაერთო რუსთავის საქალაქო სასამართლო.
მივმართეთ სასამართლოს მთელი რიგი შუამდგომლობებით, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, დადგინდებოდა, რომ მოწმეები ცრუობენ, რომ გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მოსამართლეებმა ეკატერინე პართენიშვილმა და ქეთევან ლუაშვილმა უარი განაცხადეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე და სრულიად ბრიყვული, სამართლებრივად ბეცი გადაწყვეტილებებით არ დააკმაყოფილეს ჩვენი შუამდგომლობები. ამით წინააღმდეგობაში მოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ყველა დარღვევაზე, შეუსაბამობასა და ტენდენციურ ქმედებაზე, რასაც შსს ახორციელებს, პირდაპირ ჩართულია რუსთავის საქალაქო სასამართლო.
„სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობაც კი, რომ საკმარისი დრო გვქონოდა დაცვის მოსამზადებლად. ჩვენ ორი თვის ვადით ვითხოვეთ საქმის წინასასამართლოს მოსმენის გადადება და ეს მოთხოვნა ნაწილობრივადაც კი არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ეს ხდება ერთადერთი მიზნით – გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ საქმე არის შეკირილი. შეკერილ საქმეში, როდესაც ადვოკატები ვცდილობთ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რაც აღმოაჩენს, რომ შსს რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს, ამის ხელის შეშლისთვის გამოყენებულია სასამართლო მექანიზმები“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, „როგორც კი საქმეზე დაიწყო გამოძიება, თავიდანვე, სამსონ ქუთათელაძის ერთ-ერთი მოწილე, იუზელ ნონი ჩვენებაში აცხადებდა, რომ შესაძლოა, ეს მკვლელობა ჩაედინათ სამსონ ქუთათელაძის უცხოელ პარტნიორებს“.
„ასევე საუბარი იყო, ამ ბაზრის დირექტორის მხრიდან თანხების მითვისებაზე, სადაც რეალური მოტივები იკვეთებოდა. რატომღაც გამოძიებამ თვალი დახუჭა ამ გარემოებებზე და მიზანში ამოიღეს გიორგი ჭანტურია. ის არის დევნის მსხვერპლი და ამის საფუძვლებზე ვისაუბრებთ სასამართლო პროცესზე, თუმცა ამ წუთას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ ჩადებული მოწმეების არარეალურობის გადამოწმების საშუალებას სასამართლო არ იძლევა. განჩინებებით მოვიპოვებდით იმ ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმეები, თევდორაძე, ე.წ ავტოპარკინგის კონტროლიორი ცრუობენ და ამას დავადასტურებდით. ამის შემდეგ კი შსს-სა და პროკურატურას სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ ჭანტურიას მიმართ დევნა შეეწყვიტა და რეალურ მკვლელსა და რეალურ ვერსიაზე ემუშავა. ამის განხორციელება კი, სახელმწიფოს არ უნდა და ამაში ხელს მასიმალურად უწყობს სასამართლო“, – განაცხადა ბასილაიამ.
რაც შეეხება იმ იარაღებს, რომელიც გამოძიების მიხედვით ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას ამოიღეს, ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი ჭანტურია თავს უდანაშაულოდ ცნობს.
„მიუხედავად შსს-ს და ბრალდების მხარის არაერთი მცდელობისა, მათ შორის საკმაოდ ბინძური მეთოდებით განხორციელებული ქმედებებისა, ჭანტურიას ბრალეულობა ამ ნაწილშიც არ დასტურდება.ამასთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერს, ადვოკატის განმარტებით, ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე ასევე შსს-ს წარმომადგენელია. პატრული, რომელიც მისივე თქმით, წინასწარ და დაგეგმილად ახდენს გარკვეულ მაპროვოცირებელ ქმედებებს.
„შსს-მ ამ ჩანაწერებიდან გარკვეული ნაწილი გაავრცელა, მაგრამ როდესაც ჩანაწერებს გაეცნობა სასამართლო და მხარეები, ყველა დაინახავს, რომ პროცესში ჩართული პატრული-ინსპექტორი თავიდან ბოლომდე პროვოკაციას ეწეოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს. ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.