ბექა ბასილაია - იმედი გვაქვს, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება იქნება თანმიმდევრული და დადებს დასკვნას მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით
ბექა ბასილაია - იმედი გვაქვს, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება იქნება თანმიმდევრული და დადებს დასკვნას მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით

იმედი გვაქვს, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება იქნება თანმიმდევრული და დადებს დასკვნას მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი; იმედს ვიტოვებთ, რომ შემდგომში ამას მოჰყვება ასევე სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებულ გამოძიებაზე ობიექტური შედეგები, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტებთან დაკავშირებით.

ეს დასკვნა, ბუნებრივია, ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო უხეშად არღვევენ სააკაშვილის უფლებებს და უფლებების დარღვევის კიდევ უფრო ინტენსიური სახე და დანაშაულებრივი ქმედებები ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის იძულებით, მოტყუებით გადაყვანისას და შემდეგ მე-18 დაწესებულებაში განვითარებული მოვლენებიდან, რასაც ცალსახად ადვოკატები ვაძლევთ წამების შეფასებას.

დღეს გავრცელებული დასკვნა გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება ამ ნაწილში იქნება თანმიმდევრული და ის დადებს დასკვნას მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ინსტანციებში, რომ ჩვენი არგუმენტაცია მტკიცებულებათაც გავამყაროთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.