ბექა ბასილაია - მხოლოდ საქართველოს პირველ არხს აქვს უფლება, სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადაღების, არ ვერჩით საზოგადოებრივს, კარგია, რომ ისინი აშუქებენ, თუმცა, შეზღუდულად აქვთ ეს უფლება
ბექა ბასილაია - მხოლოდ საქართველოს პირველ არხს აქვს უფლება, სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადაღების, არ ვერჩით საზოგადოებრივს, კარგია, რომ ისინი აშუქებენ, თუმცა, შეზღუდულად აქვთ ეს უფლება

მხოლოდ საქართველოს პირველ არხს აქვს უფლება, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადაღების. ჩვენ არ ვერჩით საზოგადოებრივს, კარგია, რომ ისინი აშუქებენ, თუმცა მათაც შეზღუდულად აქვთ ეს უფლება და არ შეუძლიათ, სხდომა პირდაპირ ეთერში გადასცენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ქართულ ტელეკომპანიებს უნდა მისცემოდათ უფლება, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაეშუქებინათ.

„ეს მოთხოვნა გვქონდა წინა სხდომაზეც და არ დააკმაყოფილეთ. ახლა ახალი და მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება. მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც ძლიერი ინტერესია სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლის მიმართ. იმ ფონზე, რომ ორი თვის განმავლობაში არ ჰქონდა ეს საშუალება, მიემართა ხალხისთვის, ამის შესაძლებლობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ეძლევა და მიუღებელია, რომ მხოლოდ საქართველოს პირველ არხს აქვს სხდომის გადაღების უფლება. ჩვენ არ ვერჩით საზოგადოებრივს, კარგია, რომ ისინი აშუქებენ, თუმცა მათაც შეზღუდულად აქვთ ეს უფლება და არა პირდაპირ რეჟიმში. ამ პროცესის ცოცხალს რეჟიმში გადაცემა საპროცესო ნორმების აღსრულებას და საქმეს არ შეუშლის ხელს. 10 ნოემბერს რომ მოგვწერეს სააკაშვილის გადაყვანას არეულობა მოჰყვებაო, აგერ არის დღეს და აქ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. თუ დარბაზში ამ ისტორიულ პროცესზე დაუშვებთ ვიდეოგადაღებას, გვექნება შესაძლებლობა საჯარო ინტერესი ბოლომდე დაკმაყოფილდეს. მაგალითად, ქალბატონმა ლიანამ კარგად იცის საჯაროობის მნიშვნელობა. თქვენ ხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს პოზიციის გაშუქებას. მოგვეცით უფლება, სხვა მედიასაშუალებები შემოვიდნენ. სულ მცირე „მთავარი“, „ტვ პირველი“ და მაგალითად უკრაინული არხი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს პირველმა არხმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნა გამოთქვა. პირველმა არხმა მიმართა მოსამართლეს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ვიდეოკამერასთან ერთად, პირდაპირი ჩართვის აპარატიც, ე.წ. ლაივუ შეეტანათ.

პირველ არხს დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე მოსამართლის თანხმობა ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება სასამართლოს სხდომის ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, დარბაზში მყოფ პირველი არხის ჟურნალისტს მოსამართლემ დარბაზიდან გასვლის უფლება შეუზღუდა.