სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომლებიც გიორგი ჭანტურიას მამის კუთვნილი სახლის ჩხრეკას რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესწრებოდნენ. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ იარაღი ჩადებულია და ჭანტურიას არ ჰქონია.

ადვოკატების თქმით, გიორგი ჭანტურია ქუჩაში, სახლთან ახლოს დააკავეს, რის შემდეგაც სახლის ჩხრეკა დაიწყეს.

„იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე, სახლი დაკეტილი იყო, არავინ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია გვიან ღამით დააკავეს. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.